დიმიტრი ქუმსიშვილი: ქართველ ექსპორტიორებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩინეთის იმპორტის გამოფენაში მონაწილეობა მიიღონ

„მინდა ქართველ ექსპორტიორებს გავაცნო შესაძლებლობა, რომ მიმდინარე წლის 5-დან 10 ნოემბრამდე ჩინეთის ქალაქ შანხაიში ჩინეთის იმპორტის გამოფენა ტარდება, სადაც საქართველო მიწვეულია, როგორც მნიშვნელოვანი სტუმარი. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, გამოფენაზე ქართველი ექსპორტიორები წავიყვანოთ, რომლებიც ჩინეთში დაინტერესებულ პირებს საკუთარ პროდუქციასა და მომსახურებას გააცნობენ”, – ამის შესახებ  პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ძი იანჩისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ქუმსიშვილის თქმით, შანხაის გამოფენა კარგი შესაძლებლობაა ქართველი მეწარმეებისთვის, რათა სამომავლოდ დააკონტრაქტონ და გაყიდონ საკუთარი პროდუქცია თუ მომსახურება, მათ შორის, საუბარია ტურიზმზეც. მინისტრის განცხადებით, 2017 წელს ჩინეთიდან ტურიზმი 54 პროცენტით გაიზარდა.

“აღნიშნული მაჩვენებელი იძლევა იმის პროგნოზირების შესაძლებლობას, რომ პოტენციალი ამ მიმართულებით დიდია. აქედან გამომდინარე,  ჩინეთის გამოფენაში მონაწილეობით ასევე ტურისტული სექტორის წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ დაინტერესებულნი”,- აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

2018 წლიდან საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამოქმედდა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება გაზრდის ჩვენი ექსპორტის შესაძლებლობებს ჩინეთის ბაზარზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები