კახა კალაძე: გლდანში, მაისში გახსნილი რაგბის სავარჯიშო კომპლექსი თავიდან სარეაბილიტაციოა

“სავარჯიშო კომპლექსი გასული წლის მაისში გაიხსნა, 7 მილიონი დაიხარჯა სამუშაოებში და ეს არის ნათელი მაგალითი თუ როგორ არ უნდა გააკეთო საქმე”, – ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ გლდანის რაიონში მდებარე რაგბის სავარჯიშო კომპლექსში არსებული მდგომარეობა. მისივე თქმით, ერთ-ერთი სავარჯიშო მოედანი ავარიულ მდგომარეობაშია და კატეგორიულად მიუღებელია იქ ბავშვების და ნებისმიერი თაობის ვარჯიში.
“სავარჯიშო კომპლექსი გასული წლის მაისში გაიხსნა, 7 მილიონი დაიხარჯა სამუშაოებში და ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ არ უნდა გააკეთო საქმე. ნამდვილად შეურაცხმყოფელია ის, რაც ვნახეთ. მაისში გახსნილი სპორტული კომპლექსი დღეს უკვე თავიდან არის სარეაბილიტაციო. როგორც ნახეთ, ძალიან მძიმე მდგომარეობაა გასახდელებში და კორიდორებში. ერთი სავარჯიშო მოედანი ავარიულ მდგომარეობაშია და კატეგორიულად მიუღებელია იქ ბავშვების და ნებისმიერი თაობის ვარჯიში. ჩემს მოადგილეს დავავალე, რომ დღესვე შეხვდნენ კომპანიის წარმომადგენლებს, ვინც ეს სამუშაოები განახორციელა. ის, რომ კომპლექსი ასეთ მდგომარეობაშია, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენ ვართ ორიენტირებული ხარისხზე. აქ უნდა გაიზარდონ ჩვენი შვილები, მომავალი თაობები და ხარისხი უნდა იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული. 7 მილიონი არცთუ ისე პატარა თანხაა”, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, კომპანიას ხარვეზების გამოსწორება დაევალება. ამასთან, თბილისის მერმა არ გამორიცხა, რომ კომპანიას ჯარიმაც დაეკისროს.
“რაც არის გასაკეთებელი, თვალს არაფერზე დავხუჭავ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არსებული რეალობა შეიცვალოს. კატეგორიულად მიუღებელია ის მდგომარეობა, რაც ვნახეთ. ხარისხზე ორიენტირებულები ვართ და არა “ჰარი-ჰარალეზე”. თვალს არ დავხუჭავთ, ეს არ და ვერ მოხდება”, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერი დღეს გლდანის რაიონში, მუხიანის მე-4 მიკრორაიონის მიმდებარედ, რაგბის სავარჯიშო კომპლექსში არსებულ სიტუაციას გაეცნო.
სპორტული ბაზა, რომელიც გასული წლის მაისში გაიხსნა, ოთხ ჰექტარ ტერიტორიაზეა განთავსებული და 1000 გულშემატკივარზეა გათვლილი. სარაგბო კომპლექსის მშენებლობა თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა შპს “საბა კონსტრაქშენს” დაუკვეთა და სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო. შესრულებული სამუშაოების საბოლოო ღირებულება 6 932 650. 64 ლარით განისაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები