თავდაცვის სამინისტრო, კლუბ “არმიას” დაფინანსების შეწყვეტაზე, განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის აკადემიის სპორტულ კლუბ “არმიასთვის“ დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, კლუბის ხელმძღვანელობა, ჯერ კიდევ 2017 წლის 5 მაისიდან ინფორმირებული იყო, რომ 2018 წლიდან დაფინანსება შეუწყდებოდა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, განცხადებები იმის შესახებ, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ინფორმაცია არ ჰქონდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
“მოგახსენებთ, რომ ეროვნული თავდაცვის აკადემიის ა(ა)იპ სპორტული კლუბი “არმიას” ხელმძღვანელობა, ჯერ კიდევ 2017 წლის 5 მაისიდან ინფორმირებული იყო, რომ 2018 წლიდან დაფინანსება შეუწყდებოდა. საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მას ოფიციალურად აცნობა.
შესაბამისად, განცხადებები იმის შესახებ, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ინფორმაცია არ ჰქონდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ეროვნული თავდაცვის აკადემიისთვის 2017 წლის ბოლოს ბიუჯეტის პროექტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო განაკვეთი არ წარუდგენია. 2017 წლის განმავლობაში ეროვნული თავდაცვის აკადემიის ფინანსების მართვის სამმართველოს არაერთხელ ჰქონდა კომუნიკაცია “არმიას” ფინანსისტთან (ქ/ნ ნინო ზედგენიძესთან), სადაც მას ყოველივე ზემოაღნიშნული დეტალურად განემარტა. აღნიშნული ფაქტი ასევე ცნობილი იყო “არმიას” პრეზიდენტისთვის ბ/ნ ზოდიკო ფარქოსაძისთვის.
სარაგბო კლუბ “არმიას” წლიური დაფინანსება 400 ათას ლარს შეადგენს. აქვე მოგახსენებთ, რომ თავდაცვის უწყების პრიორიტეტებში, ამ ეტაპზე, არ შედის სპორტული კლუბების დაფინანსება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კლუბის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ერთი წლის წინ მიიღო, გასულ წელს კლუბს სეზონის დასრულების შესაძლებლობა მაინც მიეცა”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები