ნებოძირის კოშკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნებოძირის XVII-XVIII საუკუნეების კოშკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბმისი ბრძანება 2017 წლის 6 დეკემბერს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა.
ნებოძირის კოშკი დგას სოფელში. კოშკი გვიანი შუა საუკუნეებისთვის მახასიათებელი სათავდაცვო-საცხოვრებელი ნაგებობაა. კოშკი ოთხსართულიანია. ნაგებია რიყის და ნატეხი ქვით დუღაბზე, თაღების გადასაყვანად გამოყენებულია აგური. ცილინდრული ფორმისაა, ოდნავ ზემოთკენ შევიწროვებული. შესასვლელი კარი მესამე სართულის დონეზეა. კარი ნათალ ქვაშია გაკეთებული და თაღოვანია. შიგნიდან ორივე მხარეს კარის ჩამკეტი ფოსოებია ამოჭრილი. განსაკუთრებით საინტერესოა ინტერიერის გადაწყვეტა, რომლითაც ის რამდენადმე გამოირჩევა თანადროული ნაგებობებისგან. პირველი სართული ყრუა. მეორე სართულზე ორი სარკმელ-სათოფურია, რომლის გარშემო იატაკის დონეზე ოთხი ოთხკუთხა ნიშია გაკეთებული. მესამე სართულის აღმოსავლეთ მხარეს თაღოვანი ბუხარია. მის მოპირდაპირედ მაღალი სარკმელ-სათოფურია. მათ ქვედა რიგში შვიდი ოთხკუთხა ნიშა-სათოფურია, სამხრეთ მხარეს კი შესასვლელი კარია გაკეთებული. მეოთხე სართული თითქმის დანგრეულია. სართულშორისი გადახურვა ხის ძელების იყო. ისინი შემორჩენილი აღარაა. შესასვლელ კარს ჰქონია ბაქანი, რომლის არსებობაზეც ახლა მხოლოდ ბაქანის საყრდენის ფოსოები მეტყველებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები