„საქართველოს ეკლესია 1917-2017 წლებში“: ილია II-ის საიუბილეო თარიღებს გამოფენა მიეძღვნება

29 დეკემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოფენა – „საქართველოს ეკლესია 1917-2017 წლებში“ გაიმართება, როგორც „კვირას“ ეროვნულ მუზეუმში განუცხადეს, გამოფენა ეძღვნება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის თხუთმეტსაუკუნოვანი ავტოკეფალიის აღდგენიდან 100, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლის საიუბილეო თარიღებს.
XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ საქართველოს ჯერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა (1801), შემდეგ კი ეკლესიის ავტოკეფალია (1811) გაუუქმა. ამ გარემოებას დიდი გულისტკივილით შეხვდა ქართველ ერისკაცთა და სასულიერო პირთა რჩეული ნაწილი, რომელიც სიტყვითაც და საქმითაც თავგანწირულად იბრძოდა ქვეყნისა და ეკლესიის დამოუკიდებლობის აღსადგენად. ქართული ინტელიგენციისა და სამღვდელო დასის წარმომადგენლებს კარგად ესმოდათ, რომ ამ ბრძოლაში ძალზე დიდი იყო ეკლესიის როლი და ყოველგვარ ღონეს ხმარობდნენ მისი დამოუკიდებლობის აღსადგენად.
1917 წელს, რუსეთის ხელისუფლებამ სცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, რომელსაც იგი V საუკუნიდან ფლობდა, მაგრამ, საბჭოთა პერიოდში საქართველოს ეკლესიამ, ისევე, როგორც ყველა სხვა აღმსარებლობის რელიგიურმა ინსტიტუციამ, ყოველგვარი უფლება დაკარგა და მისი დამოუკიდებლობაც ნომინალური გახდა.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი ბოლო ასწლეულშიც ძალზე აქტუალური იყო. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დიდი ძალისხმევით, 1990 წელს მსოფლიო პატრიარქმასცნო და დოკუმენტურადაც დაადასტურა საქართველოს ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტო-დოკუმენტური მასალა, რომელიც გვიჩვენებს სწორედ იმ პროცესებს, რაც ავტოკეფალიისთვის ბრძოლის გზაზე საქართველოს ეკლესიამ 1917 წლიდან გაიარა. ექსპოზიცია მოგვითხრობს იმ ადამიანების შესახებ, ვინც საქვეყნო და საეკლესიო საქმეში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ძველი და ახალი საეკლესიო ნივთები, რომლებიც გვიჩვენებს, თუ როგორ აღდგა და გრძელდება საქართველოში ილია II-ის წინამძღოლობით მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ხელოვნების განვითარება.
გამოფენის გახსნაზე გაიმართება საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი წიგნების პრეზენტაცია.
გამოფენა 29 დეკემბრიდან  
2018 წლის 30 იანვრამდე გაიმართება.
მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები