რუსუდან კაჭკაჭიშვილის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და ლიტერატურული საღამო გაიმართება

26 დეკემბერს, 15:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში, დიზაინერ რუსუდან კაჭკაჭიშვილის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა  გაიმართება. გამოიფინება მისი ნამუშევრები, კერძოდ, სამკაულები, რომელიც დიდი რუდუნებით, გემოვნებით და ფერების საოცარი შეხამებით არის შესრულებული. გამოფენა 5 საათზე გაგრძელდება საზეიმო ღონისძიებით, რომელიც წინასაახალწლო განწყობას შექმნის და გაჯერებული იქნება პოეზიით, პროზით და მუსიკალური ნომრებით.
საღამოს ორგანიზატორი,  ბელა ალანია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:
„ჩემო მეგობრებო, მინდა, სასიამოვნო ინფორმაცია გაგაცნოთ. ხვალ, 26 დეკემბერს, 5 საათზე, ლიტერატურულ მუზეუმში ( ჭანტურიას, 8) ვატარებთ 2017 წლის ბოლო ლიტერატურულ საღამოს, სადაც შეხვდებით პოეტებს, მწერლებს, მუსიკოსებს… უბრალოდ, მეგობრებს. საღამოს გაუძღვება ყველასთვის უსაყვარლესი ქალბატონი მარინა თექთუმანიძე.
ამ საახალწლო ზეიმში მონაწლეობას მიიღებს დიზაინერი რუსუდან კაჭკაჭიშვილი, რომელიც გამოფენს ხელნაკეთ სამკაულებს. გამოფენა უფრო ადრე, სამი საათიდან მოეწყობა.
ასევე, ჩემი შვილი დაკო ნათელაშვილი წარმოგიდგენთ საკუთარ ხელნაკეთ საახალწლო სათამაშოებს (ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან), რომლის გაყიდვიდან შემოსული თანხა, დასახმარებლად გადაერიცხებათ სოციალურად დაუცველ ადამიანებს.
მობრძანდით, ისიამოვნეთ, გაერთეთ. ვფიქრობ, დაუვიწყარი საღამო გელოდებათ“, – წერს ბელა ალანია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
~

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები