ნინო სადღობელაშვილის პოეზიის საღამო გაიმართება

25 დეკემბერს, 20:00 საათზე, ღვინის მაღაზია-ბარი – Wine Buffet-ში ნინო სადღობელაშვილის პოეზიის საღამო გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, მაღაზია-ბარში მომსვლელს ელოდება მყუდრო გარემო, სასიამოვნო მუსიკა, საუკეთესო ხარისხის ყველი და ნამდვილი ქართული ღვინო.
ნინო სადღობელაშვილი დაიბადა 1980 წელს. დაამთავრა კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, ლიტერატურული დაოსტატების სპეციალობით. სხვადასხვა დროს მუშაობდა სკოლაში – საზღვარგარეთის ლიტერატურის მასწავლებლად; საპატრიარქოს რადიო „ივერიაში“ – ლიტერატურული რედაქციის კორესპონდენტად; 2011 წელს მეგობრებთან ერთად დააარსა კინოსტუდია „ხომლი“ და დღემდე მისი შემოქმედებითი ჯგუფის წევრია – სცენარისტი და რედაქტორი. არის პოეტური და პროზაული კრებულების ავტორი. მისი პიესები იდგმება საქართველოს სხვადასხვა თეატრში, მისი სცენარის მიხედვით კი რამდენიმე დოკუმენტური ფილმია გადაღებული. 2015 წლიდან წერს ფენტეზის – სათავგადასავლო საყმაწვილო რომანების სერიას „განძის თეატრი“. ამ სერიის უკვე ორი წიგნი გამოიცა. სულ მალე მკითხველი მესამე წიგნსაც იხილავს.
საღამოზე დასასწრები ბილეთი ეღირება 7 ლარი…
მისამართი: მეიდანი, თუმანიანის №15.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები