2015 წელს ქუთაისის მოსახლეობას წყლის პრობლემა მოეხსნება

      მთავრობის ძალისხმევით ქუთაისის უმთავრესი პრობლემა – წყალმომარაგების საკითხი, ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში, წყალშემკრები ნაგებობის მშენებლობის დათვალიერებისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, პროექტის მიმდინარე ეტაპის დასრულებისთანავე, ქუთაისის 60 პროცენტს ექნება წყალი 24-საათიან რეჟიმში, ხოლო დარჩენილ 40 პროცენტს – დღეში 12 საათის განმავლობაში; 2015 წელს კი ქუთაისის წყალმომარაგების მეორე ეტაპი დაიწყება,რომლის დამთავრების შედეგად ქალაქის მოსახლეობის 100 პროცენტს 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგება ექნება. პროექტის ფარგლებში რიონჰესის დასახლება, სადაც 1600 ოჯახი ცხოვრობს, უახლოეს მომავლში სასმელ წყალს პირველად მიიღებს.
მთავრობის მეთაურმა პროექტზე პასუხისმგებელი პირები და შესაბამისი უწყებები გააფრთხილა, რომ პროექტის მიმდინარეობას პირადად დააკვირდება და პროექტით გათვალისწინებული ვადების დაცვას მოითხოვს.
„ქუთაისში დღემდე მწვავედ დგას სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის პრობლემა. დაუშვებელია, 21-ე საუკუნეში ასეთი ქალაქი ცხოვრობდეს წყლის გარეშე. 2018 წლისთვის ქუთაისი და მისი შემოგარენი მთლიანად უნდა იყოს უზრუნველყოფილი უწყვეტი, 24-საათიანი წყალმომარაგებით. ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ქუთაისი გახდეს თანამედროვე ქალაქი, თანამედროვე ინფრასტრუქტურით“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, იმერეთში წყალმომარაგების კუთხით სხვა პროექტების განხორციელებაც იგეგმება.
ქუთაისის წყალმომარაგების პროექტი, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და შპს „საქართველოს წყალმომარაგების კომპანია“ ახორციელებენ, 2016 წლის გაზაფხულზე დასრულდება. სამუშაოებზე დასაქმებულია 250ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები