გიუნტერ გრასის „თუნუქის დოლის“ შესახებ საჯარო ლექცია გაიმართება

27 დეკემბერს, 18:00 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, „10 რჩეული გერმანული რომანის ფარგლებში“, ნინო ფირცხალავა გიუნტერ გრასის „თუნუქის დოლის“ შესახებ საჯარო ლექციას გამართავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რომანად აღიარებული გიუნტერ გრასისეული „თუნუქის დოლი“ ერთგვარი ფიქციონალური ჰიბრიდულობის წყალობით განსხვავებული, ხშირად ურთიერთსაპირისპირო კულტურული თუ ლიტერატურული ტრადიციების გასაოცარი შეჯვარების გზით, ამ ტრადიციების უჩვეულო გაგრძელებასა და გადააზრებას გვთავაზობს. ამავდროულად, საკუთარი, განუმეორებელი სამყაროს მხატვრული ხატის შექმნის წყალობით თავად გვევლინება სრულიად ახალი ტრადიციის დამამკვიდრებელ ფენომენად. შესაბამისად, როგორც ძნელია იმ მწერალთა თუ მოაზროვნეთა სრული ნუსხის წარმოდგენა (რაბლედან მოყოლებული, ვიდრე ვთქვათ, გოეთემდე), რომელთა შემოქმედების გავლენა უშუალოდ აისახა ამ რომანში, ისევე რთულია, ყველა იმ ხელოვანის დასახელება, რომლებმაც ამ ტექსტის აშკარა გავლენა განიცადეს, როგორც გერმანულენოვან სააზროვნო სივრცეში ისევე მის ფარგლებს გარეთ.
„თუნუქის დოლი“ გასული საუკუნის მეორე ნახევრის იმ გამორჩეულ ნაწარმოებთა რიცხვს განეკუთვნება, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად (მრავალთა შორის) საპირისპირო კედლებზე ბეთჰოვენისა და ჰიტლერის პორტრეტებს შორის მოქცეული ყოფის გაორებულობის ტრაგიკომიზმი შეიძლება მივიჩნიოთ. გრასმა მხატვრული ფორმითა და სიტყვით გამოხატა ის, რასაც მისი ეპოქის ფილოსოფიურ ცნებათა ენაზე ”განმანათლებლობის დიალექტიკა” ეწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები