ქუთაისში ჯუზეპე ვერდის ოპერა „რიგოლეტოს“ პრემიერა გაიმართება

27 დეკემბერს, ქუთაისის მელიტონ ბალაჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის გახსნიდან 48 წელი სრულდება, აღნიშნულთან დაკავშირებით, 19:00 საათზე, ჯუზეპე ვერდის ოპერის „რიგოლეტო“ პრემიერა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ქუთაისის ოპერის თეატრში განუცხადეს, „საპრემიერო სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები არმაზ დარაშვილი (მანტუას ჰერცოგი), სულხან გველესიანი (რიგოლეტო), გერმანიაში მოღვაწე ქუთაისელი სოპრანო მარიამ კუბლაშვილი (ჯილდა), ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები კალისტრატე ხარჩილავა (სპარაფუჩილე), ნინო ზაქაიძე (მადალენა), ინგა ფუტკარაძე (ჯოვანა), ბაკურ კვირიკაშვილი (გრაფი მონტერონე), ემილ ჩარგაზია (მარულო), ბადრი ადამია (ბორსა), გიორგი ხაჭაპურიძე (გრაფი ჩეპრანო), ფერიდე ჯინჯიხაძე (გრაფინია ჩეპრანო), მარიეტა მაჩალაძე (პაჟი), რომელთაც პარტნიორობას გაუწევს თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი – ნათია გოგუაძე), ორკესტრი, ქორეოგრაფიული დასი.
დამდგმელი დირიჟორები არიან რევაზ ჯავახიშვილი და მაია გაჩეჩილაძე, თეატრის ახალი მთავარი მხატვარი – თეო კუხიანიძე, დამდგმელი ქორეოგრაფი ვახტანგ უშვერიძე.
„რიგოლეტოს“ საპრემიერო დადგმა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები