„თუ ეს მოთხოვნა არ შეიცვლება, იძულებული ვიქნები, დავაკმაყოფილო ცენტრის ხელმძღვანელის განცხადება გათავისუფლების შესახებ“

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მედეა მეტრეველის განცხადებას თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გამოეხმაურა  და აღნიშნა, რომ მის მიერ წაყენებული პირობები არასწორია.
„ეს პირობები, ვთვლი, რომ არ არის სწორი არც შინაარსობრივად, და თუ ხელმძღვანელი არ შეიცვლის პოზიციას, იძულებული ვიქნები, მისი მოთხოვნა დავაკმაყოფილო“, – განაცხადა გიორგაძემ.
მიხეილ გიორგაძემ ამ თემას ტყუილა გაბერილი და აგორებული სკანდალი უწოდა. „რაც არაერთხელ გვინახავს და ბოლოს აღმოჩნდებოდა, რომ კონკრეტული ადამიანების ინტერპრეტაციების შედეგი იყო“,- აღნიშნა მინისტრმა.
გიორგაძის თქმით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტი ქვეყნის პრესტიჟის საკითხია და აუცილებელია სამინისტროს ჩართულობა.
„პროექტი არ არის მხოლოდ ლიტერატურული პროგრამა, შესაბამისად მხოლოდ სსიპ-ის ხელმძღვანელი ვერ იქნება მთელი პროექტის ხელმძღვანელი. იქ ბევრი მნიშვნელოვანი ელემენტია, მათ შორის პიარის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. ცენტრს დავუტოვეთ ყველა ის ფუნქცია, რაც მას მანამდე ჰქონდა, თუმცა მოთხოვნა და პირობა, რაც ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებაშია აღნიშნული, სწორედ ის არის, რომ სსიპ-ს დავუტოვოთ მხოლოდ და მხოლოდ იმპლემენტაცია ლიტერატურული პროგრამის ნაწილში, რაც ვფიქრობ, არასწორია. სწორედ იმიტომ შეიქმნა სსიპ-ი, რომ სხვადასხვა სახის ლოჯისტიკური, ორგანიზაციული საკითხისთვის მიეხედა. მოთხოვნა არის, რომ ცენტრს მოგვაშორეთ ყველაფერი, დაგვიტოვეთ მხოლოდ ლიტერატურული პროგრამა. პრინციპულად არასწორი მგონია ეს მოთხოვნა და, შესაბამისად, როგორც აღვნიშნე, თუ არ შეიცვლება ეს მოთხოვნა, იძულებული ვიქნები, დავაკმაყოფილო დირექტორის განცხადება გათავისუფლების შესახებ“, – განაცხადა გიორგაძემ.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მედეა მეტრეველმა სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის სახელზე განცხადება დაწერა.
დღეს სამოცამდე მწერალმა, გამომცემელმა და მთარგმნელმა ღია წერილით მიმართა პრეზიდენტს, პრემიერსა და მინისტრს, არ დაუშვან დეა მეტრეველის გათავისუფლება.
„უკანასკნელ ეტაპზე, როდესაც ყოველ წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, ნებისმიერი რადიკალური გადაწყვეტილების მიღება ყოვლად გაუმართლებლად მიგვაჩნია. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის გათავისუფლება კი ყოველგვარ ზღვარს სცდება. მედეა მეტრეველის და მისი გუნდის გარეშე 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით ღირსეულად წარდგენას საფრთხე ემუქრება“, – აღნიშნულია ღია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები