ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტი – რას მოიტანს დაპირისპირება?

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი დეა მეტრეველი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ფფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე სამუშაო ჯგუფის მენეჯმენტში განხორციელდა ცვლილებები. შეიცვალა პროექტის ხელმძღვანელი და ცენტრს აღარ აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ყველა გულშემატკივარს!
ბევრჯერ მითქვამს და განვმეორდები, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტი ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ცხოვრების პროექტი არის და ასე იქნება ბოლომდე. ამ საქმეს დიდი ენთუზიაზმით და სიყვარულით ვაკეთებდით. მე, როგორც ცენტრის დირექტორს და პროექტის ყოფილ ხელმძღვანელს, სრულად მაქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რაც ამ მასშტაბური პროექტის ღირსეულად განხორციელებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა… ეს კი ქართული ლიტერატურის და ქართველი ავტორების – პროექტის მთავარი გმირების – ღირსეულად წარმოჩენაა.
პროექტის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, სამუშაო ჯგუფის მენეჯმენტში განხორციელდა ცვლილებები. შეიცვალა პროექტის ხელმძღვანელი და ცენტრს აღარ გააჩნია გადაწყვეტილებების მიღების უფლება მთლიანი პროექტის ადმინისტრირებაზე, ხარისხიან და დროულ შესრულებაზე.
ახალმა გარემოებებმა, როგორც ცენტრის ხელმძღვანელი, ახალი რეალობის წინაშე დამაყენა და მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, პროექტის ინტერესებს ემსახურება – პროექტის ფარგლებში ცენტრმა უზრუნველყოს უშუალოდ ქართული ლიტერატურული და საგამომცემლო პროგრამის განხორციელება და ლიტერატურული თარგმანების მომზადება. რაც შეეხება მთლიანი პროექტის სხვა საკვანძო საორგანიზაციო მიმართულებებს, რომლებიც დიდი თანხების მართვასთან არის დაკავშირებული (პავილიონი, პიარ კამპანია გერმანიაში, სრული პროექტის ლოჯისტიკა, კულინარიული პროგრამა და სხვა), მიზანშეწონილია, გადავიდეს იმ უწყების მართვაში, რომელიც, როგორც გადაწყვეტილების მიმღები, უშუალოდ იქნება პასუხისმგებელი, როგორც შინაარსობრივ, ასევე ფინანსურ მართვაზე და შესრულებაზე.
აღნიშნული თხოვნით, მივმართე კულტურის სამინისტროს. იმედს ვიტოვებ, მოგვეცემა საშუალება, ჩვენ მიერ დაგეგმილი პროექტის ლიტერატურული პროგრამა წარმატებულად განვახორციელოთ“, – წერს დეა მეტრეველი.

სოციალურ ქსელში ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წერილიც ვრცელდება.

 „ბოლო ეტაპზე, როდესაც 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამდე 9 თვეც არ არის დარჩენილი, ჩვენთვის – კულტურის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წიგნის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისთვის – ცნობილი გახდა პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის მენეჯმენტში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ცვლილებების და ახალი კომპეტენციების განაწილების თაობაზე. ჩვენი აზრით, ეს ცვლილებები და ცენტრის დირექტორის, მედეა მეტრეველის, გადაწყვეტილება, თანამდებობის დატოვების შესახებ მნიშვნელოვნად შეაფერხებს როგორც ცენტრის მუშაობას, ასევე საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის მაღალ დონეზე განხორციელებას.
წიგნის ცენტრმა და მისმა ხელმძღვანელმა, დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით, დღემდე, ცენტრის ძირითად საქმიანობასთან ერთად, წარმატებულად უხელმძღვანელეს ამ პროექტს. მათ მუშაობას აქვს მაღალი შეფასება და ნდობა უცხოელი პარტნიორების და ქართული სალიტერატურო და საგამომცემლო სფეროს მხრიდან. შესაბამისად, დარჩენილ მოკლე პერიოდში, ნებისმიერი რყევები და მენეჯმენტის ცვლილება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს წიგნის ცენტრის გუნდის დაშლა, მიგვაჩნია, დააზარალებს პროექტის შესაბამისი სტანდარტების და შეზღუდული ვადების დაცვით წარმართვას“, – აღნიშნულია წერილში.

წერილს ხელს აწერენ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: ივანე ამირხანაშვილი (საბჭოს თავმჯდომარე), ლევან ბრეგაძე, ლაშა ბაქრაძე, ანი კოპალიანი, გაგა ლომიძე,  გაგა ნახუცრიშვილი.
უშედეგოდ დამთავრდა ცენტრის თანამშრომლებისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის შეხვედრა. როგორც მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, პირობების წაყენებას  მართებულად არ მიიჩნევს და გათვალისწინებას არ აპირებს.
გავრცელებული ინფორმაციით, წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი მზად არის, გუნდთან ერთად, ცენტრი დატოვოს. წიგნის ცენტრში მიუღებელია, გადაწყვეტილება სხვამ მიიღოს, მათ კი, თუნდაც, ფინანსური პასუხისმგებლობა დაეკისროთ. პროექტისთვის გათვალისწინებულია 16 მილიონი ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები