78 წლის მამაკაცი გოგონას მეტროში იარაღით დაემუქრა
მოხუცმა მამაკაცმა, ბერლინის მეტროში, ახალგაზრდა გოგონას ადგილის დათმობა სთხოვა და პისტოლეტით დაემუქრა. გერმანული პოლიციის ინფორმაციით, 78 წლის მამაკაცი აგრესიულად ითხოვდა, რომ 25 წლის გოგოს მისთვის ადგილი დაეთმო. მამაკაცი ამტკიცებდა, რომ პოლიციელია და საყიდლების პარკიდან პისტოლეტი ამოიღო. ინციდენტის შემდეგ მან მატარებლის სხვა ვაგონში გადაინაცვლა, თუმცა, პოლიციამ მალევე დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა. მისი ვინაობის დადგენის და იარაღის ამოღების შემდეგ, მოხუცი გაუშვეს, თუმცა, ინციდენტის გამოძიება გრძელდება.