სახელმწიფოს ხელშეწყობით, კომპანია „ჩირინა“ წარმოებას აფართოებს
სოფელ სართიჭალაში, კომპანიამ „ჩირინა“ მარცვლეულის საშრობი და საწყობი კომპლექსი გააფართოვა. მშენებლობა სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა. საერთო ინვესტიცია 6 000 000 ლარს შეადგენს. საწარმოს გაფართოების შედეგად, წარმადობა საგრძნობლად გაიზარდა – ახლა ერთ საათში უკვე 60 ტონა ნედლეულის გადამუშავებაა შესაძლებელი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომპლექსის გახსნის ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო.
„ჩირინა“ ერთ-ერთი ლიდერი საწარმოა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ გაფართოება პროგრამის – „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში განახორციელა. ჩვენი პროგრამის არსი სწორედ ის არის, რომ ხელი შევუწყოთ არსებული საწარმოების მოდერნიზაციას, გაძლიერებას და გადაიარაღებას. „ჩირინაში“ სახელმწიფოს თანადაფინანსება 5 მილიონ ლარს შეადგენს. ეს არის შეღავათიანი სესხი, რაც გულისხმობს, რომ იაფ ფინანსურ რესურსებზე წვდომით, საწარმოები კონკურენტუნარიანობასაც ზრდიან და წარმოების გაზრდაც შეუძლიათ, რაც პირდაპირ აისახება საქართველოში აღნიშნულ სექტორში თვითუზრუნვბელყოფის მაჩვენებლის გაზრდაზე. ვფიქრობ, ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკა არის წარმატებული და „ჩირინა“ ამ წარმატების ერთ-ერთი მაგალითია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
პროგრამის -„აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, შევძელით, ჩვენი საწარმო უფრო დიდი მასშტაბის და წარმადობის გაგვეხადა, დაგვესაქმებინა მეტი ადამიანი. ჩვენს ნედლეულზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება“, – აცხადებს კომპანიის დირექტორი რევაზ ვაშაკიძე.
მარცვლეულის საშრობი და საწყობი კომპლექსი ბრიტანული კომპანიის – „Chief Industries UK”-ის მიერ აშენდა და თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა.