ჩულპან ხამატოვა თბილისში დაგეგმილ ბელა ახმადულინას საიუბილეო საღამოში მიიღებს მონაწილეობას

15 დეკემბერს, 19:00 საათზე, გრიბოედოვის თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება გამოჩენილი რუსი პოეტის და მთარგმნელის, ბელა ახმადულინას დაბადებიდან 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო-კონცერტი: „ბელა ახმადულინა. სიზმრები საქართველოზე“.
როგორც „კვირას“ გრიბოედოვის თეატრში განუცხადეს, პოეტის ლექსებს გააჟღერებს რუსეთის დამსახურებული არტისტი, კინოსა და თეატრის ვარსკვლავი ჩულპან ხამატოვა.
გრიბოედოვის თეატრის სცენიდან გაჟღერდება მუსიკალური კომპოზიციები რუსეთის დამსახურებული არტისტის, პიანისტის ალექსეი გორიბოლის შესრულებით. ჩულპან ხამატოვასთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ გრიბოედოვის თეატრის მსახიობები: არჩილ ბარათაშვილი, ოლეგ მჭედლიშვილი, მერაბ კუსიკაშვილი და მიხეილ გავაშელი.
ბელა ახმადულინას შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია საქართველოს. წლების მანძილზე მისი ლექსები პირველად ჟურნალ „ლიტერატურნაია გრუზიაში“ იბეჭდებოდა. საქართველოში გამოვიდა ბელა ახმადულინას რამდენიმე კრებული. მათ შორის „სიზმრები საქართველოზე“, რომელიც გამომცემლობა „მერანმა“ დაბეჭდა 1977 და 1979 წლებში. კრებულში შევიდა ლექსები, პოემები, თარგმანები, პროზაული ნაწარმოებები, წერილები და ეს გამოცემა იმთავითვე ბიბლიოგრაფიულ რარიტეტად იქცა.
მნიშვნელოვანია, რომ 2017 წელს ჩულპან ხამატოვამ შეასრულა ბელა ახმადულინას როლი ტელესერიალში „საიდუმლო ვნება“ («Таинственная страсть»).
ჩულპან ხამატოვა – თეატრისა და კინოს რუსი მსახიობი, საზოგადო მოღვაწე, მოსკოვის აკადემიური თეატრის „სოვრემენიკის“ წამყვანი მსახიობი და სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე. საქველმოქმედო ფონდ „პოდარი ჟიზნის“ ერთ-ერთი დამაარსებელია, რუსეთის სახალხო არტისტი (2012) და რუსეთის სახელმწიფო პრემიის ორგზის ლაურეატი(2004,2014).
კონცერტის ორგანიზატორია საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსული კლუბი” ვითიბი ბანკის მხარდაჭერით. ღონისძიების სპონსორია სამშენებლო კომპანია „REDCO“, მასპინძელი რესტორანი „შავი ლომი“, საინფორმაციო მხარდამჭერი „Sputnik საქართველო”.
გაცნობებთ, რომ გრიბოედოვის თეატრმა და „რუსულმა კლუბმა” გააფორმეს მემორანდუმი აუტიზმის-კვლევისა და ხელშეწყობის ფონდთან და შეუერთდნენ საქველმოქმედო აქციას: #მეაქვარ.
5 დეკემბრიდან მოყოლებული გრიბოედოვის თეატრის ყველა წარმოდგენაზე ბილეთებთან ერთად მაყურებელს ექნება საშუალება, შეიძინოს სტიკერი წარწერით: #მეაქვარ, რითაც დაეხმარება აუტიზმის ეროვნული ცენტრის „ფერადი ქალაქის“ მშენებლობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები