ოპერა ,,დაისის” პრემიერის დღე ქართული ვოკალური მუსიკის საღამოთი აღინიშნება

 19 დეკემბერს, 18:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი ოპერა ,,დაისის” პრემიერის დღეს აღნიშნავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ეს დღე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორის, ანა ჩიხრაძის კლასის კონცერტით – ,,ქართული ვოკალური მუსიკის საღამო” აღინიშნება.
შესრულდება ფრაგმენტები ოპერა „დაისიდან“, ასევე – ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერიდან“. ამასთანავე, აჟღერდება სხვადასხვა თაობის ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები.
„დაისის“ პრემიერა  1923 წლის 19 დეკემბერს შედგა. იგი დადგა კოტე მარჯანიშვილმა, დირიჟორობდა ივანე ფალიაშვილი, მხატვრობა ეკუთვნოდა ვალერიან სიდამონ-ერისთავს. მთავარ პარტიებს ასრულებდნენ: ვ. სარაჯიშვილი (მალხაზი), ე. პოპოვა (მარო), ი. კრიჟანოვსკი (კიაზო). ეს დღე მნიშვნელოვან თარიღად იქცა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. თბილისის მუზეუმების გაერთიანების ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში არსებული ექსპონატები გადმოგვცემენ ამ ოპერის შექმნის, მისი დადგმისათვის მზადების, პრემიერის შესახებ საინტერესო ცნობებს.
შეხვედრის ადგილი: თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის 10

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები