გიორგი შხვაცაბაიას ალბომის წარდგენა გაიმართა

კულტურის სამინისტროში სახალხო მხატვრის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის – გიორგი შხვაცაბაიას ალბომის წარდგენა გაიმართა.
როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროში განუცხადეს, ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი გაუძღვა. პრეზენტაციას წიგნის ავტორი და მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
გიორგი შხვაცაბაიას ქართულ-ინგლისურენოვანი წიგნი – ალბომი, მხატვრის იუბილესთან დაკავშირებით გამოიცა. მასში შესულია მხატვრის ბიოგრაფიული მონაცემები, საარქივო ფოტომასალა და ასევე, გიორგი შხვაცაბაის მრავალმხრივი შემოქმედება – ქანდაკება, ფერწერა, გრაფიკა, მონუმენტური მხატვრობა და სხვ.
პროექტის ავტორი – ინგა ქარაია; რედაქტორ-შემდგენელი – ზაზა აბზიანიძე; ტექსტის ავტორი – ირინე აბესაძე; თარგმანი – ნინო გაბუნია; კურატორი – ქეთი გაგნიძე; დიზაინი -გიორგი წერეთელი; ფოტო – იოსებ ზურაბიშვილი, იური მეჩითოვი; დაკაბადონება – ირაკლი ბელთაძე.
გიორგი შხვაცაბაია – საქართველოს დამსახურებული სახალხო მხატვარი, სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის აკადემიკოსი და თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი.
მისი ნამუშევრები წარმოდგენილია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, ამსტერდამის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში, საბერძნეთში, თურქეთში, იტალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, პოლონეთსა და უზბეკეთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები