კახა კალაძე: არსებობენ სპეციალური ჯგუფები, რომელთაც რეგიონებიდან მოქალაქეები ჩამოყავთ და თანხებს უხდიან იმისთვის, რომ გარკვეული ტერიტორია მიითვისონ და იქ შენობა-ნაგებობები განათავსონ

არსებობენ სპეციალური ჯგუფები, რომელთაც რეგიონებიდან მოქალაქეები ჩამოყავთ და თანხებს უხდიან იმისთვის, რომ გარკვეული ტერიტორია მიითვისონ და იქ შენობა-ნაგებობები განათავსონ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპახუხოდ განაცხადა.

კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით, მის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტები დედაქალაქის მთავრობისთვის მიუღებელია.

„ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. ის განცხადება, რომელიც მე გავაკეთე, ბევრმა გაიგო, თუმცა ბევრმა შესაძლოა, ვერ გაიგო. არსებობენ სპეციალური ჯგუფები, რომელთაც რეგიონებიდან ადამიანები ჩამოყავთ, გარკვეულ თანხებს აძლევენ იმისთვის, რომ უკანონოდ, გარკვეულ ტერიტორიებზე მიწა მონიშნონ, ან ააშენონ პატარა, ერთსართულიანი შენობა, იმისთვის, რომ გარკვეული დროის შემდეგ, მისი დაკანონება მოხდეს. ეს სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ფარად ჰყავთ, რომლის უკან გარკვეული ადამიანების ჯგუფია. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენს ინფორმაციას შესაბამის სამსახურებს მივაწვდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება და იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟს თავად არ განახორციელებენ, კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება.

„რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა, როდესაც უკანონოდ აშენებ მიწაზე, სადაც არანაირი ნებართვა არ გაქვს. ასეთი შემთხვევა ფაქტობრივად, ყველა რაიონშია. დემონტაჟის სამუშაოებს რაც შეეხება, ჩვენ ყველა გავაფრთხილეთ, მიეცათ გონივრული ვადა, რომ თვითონვე განახორციელონ შენობა-ნაგებობების დემონტაჟი. თუ თვითონ არ იმოქმედებენ, შემდეგ აღსრულების სამსახური იმოქმედებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები