გერმანიაში ბერლინის ტერაქტის ორგანიზატორთან კავშირში მყოფები დააკავეს

გერმანიის პოლიციამ ტერორისტ ანრის ამრისთან კავშირში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი დააკავა. ანრის ამრიმ შარშან, ბერლინში, საშობაო ბაზრობაზე ტერაქტი მოაწყო.
გერმანული პრესა იუწყება, რომ დღეს დილიდან მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბერლინის პოლიცია ჩხრეკას ატარებს იმ ბინებში, რომლებიც, სავარაუდოდ, ტერორისტებს ეკუთვნის. ჩხრეკა შვიდ საცხოვრებელ ბინაში ჩატარდა. სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი უკვე დააკავეს. ეჭვმიტანილები გერმანიაში სირიიდან, თურქეთის გავლით მოხვდნენ და სავარაუდოდ, ამრის გარემოცვას წარმოადგენენ.
2016 წლის დეკემბერში, ტერორისტებმა სატვირთო მანქანის მეშვეობით, ბერლინის ცენტრში 12 ადამიანი მოკლეს, 48 ადამიანი დაშავდა. 24 წლის ტუნისელი ანრის ამრი, რომელიც სატვირთოს მართავდა, მოგვიანებით მილანში პოლიციასთან დაპირისპირების დროს იქნა ლიკვიდირებული. ტერორისტი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები