2018 წლის ბიუჯეტით, ჯანდაცვის პროგრამას ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი და ღვიძლის ტრანსპლანტაციის კომპონენტი დაემატა

თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებს დედაქალაქის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა  2018 წლის ბიუჯეტში განსაზღვრულ პრიორიტეტებზე ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც გელა ჩივიაშვილმა აღნიშნა, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 189 539,5 ათასი ლარით,  ჯანდაცვის პროგრამაში გათვალისწინებული პრიორიტეტებისთვის  კი 47 მილიონ 694 ათასი ლარია განსაზღვრული.

კერძოდ კი დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამას ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი, ხოლო  ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამას ღვიძლის ტრანპლანტაციის კომპონენტი დაემატა. წარმოდგენილი ქვეპროგრამა  ღვიძლის დაავადებების მქონე პირებისთვის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას მოიცავს.

ამასთანავე, გრძელდება C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის, ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურება და ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამებიც, ხოლო აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია გაზრდილი ოდენობით არის წარმოდგენილი.

რაც შეეხება სოციალური დახმარებების ღონისძიებების პროგრამებს, ამ მიმართულებით 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში 31 მლნ. 994,9 ათასი ლარი,  აქედან სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებებისთვის კი  18 მლნ. 500 ათასი ლარია გათვალისწინებული.

კომისიის წევრების გადაწყვეტილებით,  დეპუტატები “თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის  ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” დედაქალაქის საკრებულოს დადგენილების პროექტს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები