რომან პოლანსკის მიერ, კიდევ ერთი არასრულწლოვნის გაუპატიურებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო

ლოს-ანჯელესის პოლიცია ახალ გამოძიებას იწყებს „ოსკაროსან“ რეჟისორ რომან პოლანსკის წინააღმდეგ. ამის შესახებ გამოცემა „ლოს ანჯელეს თაიმსი“ იუწყება. ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა მარიანა ბარნარდმა განაცხადა, რომ მაშინ, როცა 10 წლის იყო, რეჟისორმა მასზე იძალადა. ქალმა ინტერნეტში ონლაინ-პეტიცია განათავსა, სადაც მოუწოდა ამერიკის კინოხელოვნების აკადემიას, პოლანსკი მათი რიგებიდან გარიცხონ. პეტიციას უკვე 16 ათასმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. პოლანსკის ადვოკატმა ბარნარდის ბრალდებები უკვე უარყო. თუმცა, როგორც ამერიკული გაზეთი წერს, ლოს-ანჯელესის გამოძიება სწორედ ბარნარდის განცხადებებს ეყრდნობა. აღსანიშნავია, რომ პოლანსკის პასუხისგებაში მიცემა შეუძლებელია, რადგან სავარაუდო დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა გასულია. თუმცა სამართალდამცველები გამოძიებას მაინც აწარმოებენ, რადგან მისი მიმდინარეობისას აღმოჩენილი მტკიცებულებები, შესაძლოა, სხვა საქმეებში გამოიყენონ.
ბარნარდის გარდა, პოლანსკის წინააღდეგ, ამავე ბრალდებებით წლების განმავლობაში დაახლოებით ექვსი ქალბატონი გამოვიდა. ერთ-ერთმა მათგანმა, 61 წლის რენატა ლენგერმა შვეიცარიის პოლიციას მიმართა. მისი თქმით, 1973 წელს, მაშინ, როცა არასრულწლოვანი იყო, პოლანსკიმ ალპებში, თავის შალეში გააუპატიურა, თუმცა გოგონას ამის გამხელა არ შეეძლო, რადგან მომხდარის აღიარების ეშინოდა.
ოფიციალურად, ლეგენდარული რეჟისორი, 13 წლის ამერიკელ სამანტა გეიმერის გაუპატიურებაშია ბრალდებული. დანაშაული 1977 წელს, მსახიობ ჯეკ ნიკოლსონის სახლში მოხდა. რეჟისორმა აღიარა დანაშაულის ჩადენა. მაშინ გოგონამ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი თქვა, პოლანსკიმ გამოძიებასთან ითანამშრომლა, თუმცა მალევე ამერიკიდან გაიქცა და მას შემდეგ ევროპაში ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები