გივი თოიძის 85 წლის საიუბილეო რესტროსპექტული გამოფენა გაიხსნება

15 დეკემბერს, 19:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში  გივი თოიძის 85 წლის საიუბილეო რესტროსპექტული გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ეროვნულ მუზეუმში განუცხადეს, გივი თოიძე ქართველ მხატვართა იმ თაობას ეკუთვნის, რომელიც აქტიურად გამოვიდა სახვითი ხელოვნების ასპარეზზე მე-20 საუკუნის 60-იან წლებში. როგორც არტისტი, გივი თოიძე ჩამოყალიბდა  ბაბუის, დიდი ქართველი მხატვრის – მოსე თოიძის სახელოსნოში.
გივი თოიძის მრავალმხრივი შემოქმედების თემებია ძველი თბილისი, საქართველოს კუთხეებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის პეიზაჟები, ნატურმორტი, პორტრეტი, ჟანრული სურათები, მრავალფიგურიანი კომპოზიციები და მონუმენტური მხატვრობა. მისი ნამუშევრები გამოირჩევა თემატური და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით, ინტენსიური კოლორიტითა და მაჟორული გამით. ის იყენებს სხვადასხვა სამხატვრო ტექნიკას – ზეთი, ტემპერა, გუაში, აკრილი, პასტელი, ტუში, სანგინი და სხვა. მრავალმხრივი შემოქმედი გივი თოიძე თბილისისა და საქართველოს ისტორიის ერთგვარი მემატიანეცაა, რადგან მის ფერწერულ ტილოებსა თუ გრაფიკულ ნამუშევრებში ასახული მრავალი ხედი, სამწუხაროდ, დღეს უკვე აღარ არსებობს.
გივი თოიძე დღემდე აგრძელებს პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მას მიენიჭა სახალხო მხატვრის წოდება, ასევე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია ფრესკისთვის – „დღესასწაული ხევსურეთში“, დავით კაკაბაძის სახელობის პრემია, არის თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სამხატვრო აკადემიის პროფესორი, მინიჭებული აქვს კულტურის რაინდის წოდება.
გივი თოიძის ნამუშევრები დაცულია: ტრეტიაკოვის გალერეაში, აღმოსავლეთის ქვეყნების ხალხთა მუზეუმში (მოსკოვი, რუსეთი), პიტერ ლუდვიგის გალერეაში (გერმანია), ასევე მრავალ სხვა ქვეყანაში (აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, ესპანეთი, უნგრეთი და სხვ.), ასევე ინახება არაერთ კერძო კოლექციაშიც.

გამოფენა ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები