ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ბრიტანულ-ქართული კოპროდუქციის პრემიერა გაიმართება

  ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ბრიტანულ-ქართული კოპროდუქციის პრემიერა გაიმართება. ბრიტანეთის საბჭოს და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობით, აჭარის საშემსრულებლო ხელოვნების ორგანიზაციების ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ეს ღონისძიებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს აჭარაში თეატრების განვითარებას და მაყურებელთან მათი მუშაობის გაუმჯობესებას.
12 დეკემბერს, 19:00 საათზე,  ბათუმელებს და ბათუმის სტუმრებს არაორდინარული პრემიერა ელოდებათ.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ეს არის ,,კონკიას“ თანამედროვე ვერსია, რომელიც ბრიტანელმა რეჟისორმა ქრესიდა ბრაუნმა დადგა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალ სცენაზე. პიესის აღნიშნული ვერსია ასევე ბრიტანელ ხელოვანებს – სელი ქოქსონს და ადამ ფექს ეკუთვნით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ყველასათვის საყვარელი ზღაპრის თანამედროვე ვერსია ოჯახზე, სიყვარულზე, ახლებურად დანახულ მარადიულ ღირებულებებზე.
სპექტაკლში მაყურებელი თავად ხდება მონაწილე კონკიას თავს დატეხილი მწუხარების, სიძულვილის, შურის, გარიყულობის, შურისძიების, მისი გადარჩენისთვის ბრძოლის, სიყვარულის და, რა თქმა უნდა – ჯადოსნური თავგადასავლის! შემოთავაზებული ვერსიის ერთ-ერთი ავტორის – სელი ქოქსონის აზრით, ეს არის „ჩვეულებრივი, უბრალო ზღაპარი, რომელიც ისეთ ფუნდამენტურ კითხვაზე სცემს პასუხს, როგორიცაა, რას ნიშნავს იყო ადამიანი“ და ეხმიანება თანამედროვე ცხოვრების წესს და პრობლემებს.
ცოტა რამ უშუალოდ ბრიტანელი რეჟისორის, ქრესიდა ბრაუნის შესახებ: ქრესიდა ბრაუნი 2006 წლიდან ბრიტანული თეატრის – Offstage Theatre – სამხატვრო ხელმძღვანელია. ის არის ქევინ სფეისის ფონდის 2015 წლის პრემიის ლაურეატი ბრიტანეთში. ორჯერ იყო წარდგენილი საუკეთესო დადგმის და ასევე საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში.
ქრესიდა ბრაუნი არის კომპანიის Yard Theatre&Theatre Uncut ასოცირებული რეჟისორი, ასევე ატარებს ვორკშოპებს ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციებისთვის, როგორებიცაა: Synergy, Art Ed, RADA, LAMDA, Britstol Old Vic Theatre School.
ქრესიდა ბრაუნი იმ იშვიათ რეჟისორებს შორის არის, რომელთა კარიერაც პრესის დადებითი გამოხმაურებით დაიწყო გაბედული, არათეატრალურ სივრცეში განხორციელებული სპექტაკლის გამო, რომელმაც მაშინვე მიიქცია ყურადღება ჯერ კიდევ 10 წლის წინ, მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში დადგმული სპექტაკლით „სახლი,“ რომელიც სწორედ იმავე კორპუსის მცხოვრებლების ისტორიებს ეფუძნებოდა. როგორც თავად რეჟისორი ამბობს, ეს იყო სრულიად მოულოდნელი შემთხვევითობა. ,,თავად ვერც კი ვაცნობიერდი, რომ რეჟისორი ვიყავი, ვიდრე სხვამ არ მითხრა“, – იხსენებს იგი.
ბრიტანეთის საბჭო – დიდი ბრიტანეთის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია – ხელს უწყობს თანამშრომლობას სხვა ქვეყნებთან კულტურისა და განათლების სფეროებში. მისი მოქმედების არეალი 110 ქვეყანას მოიცავს. ბრიტანეთის საბჭო ხელს უწყობს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებას სხვა ქვეყნებთან სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის ურთიერთნდობის ამაღლებისა და ბრიტანული იდეებისა და მიღწევების პოპულარიზაციის მიზნით. ბრიტანეთის საბჭო არის დამოუკიდებელი, აპოლიტიკური ორგანიზაცია: www.britishcouncil.org.
მისამართი: ბათუმის დრამატული თეატრის ახალი სცენა, ჰასან მელაშვილის ქ N 32.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები