გამოფენა – LIVE LIFE გაიხსნა

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, გამოფენა, სახელწოდებით LIVE LIFE მოეწყო.
ექსპოზიციის გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, თბილისის მერი კახი კალაძე, საქართველოში აზერბაიჯანის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი – დურსულ ჰასანოვი, ასევე, მხატვარი ლეილა ალიევი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, საგამოფენო პროექტ LIVE LIFE-ის მიზანია, საზოგადოების ყურადღების მიპყრობა გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური პრობლემებისადმი, ასევე, ხაზგასმა, რომ ხელოვნებას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ბუნების დაცვის საქმეში.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ბაქოელი მხატვრის, ფონდ IDEA-ს დამაარსებლის, ლეილა ალიევას ნახატები, რომელზეც ცხოველები და ფრინველებია გამოსახული – მეტაფორა, რომელიც დამთვალიერებელს აიძულებს შეიგრძნოს, როგორი დაუცველია გარემომცველი ბუნება.
ექსპოზიციაში შესულია ასევე, ამავე თემაზე შექმნილი თერთმეტი ნიჭიერი აზერბაიჯანელი და ქართველი მხატვრის ნამუშევრები. ესენი არიან: ოლეგ ტიმჩენკო, დავით ალექსიძე, გიგა კობიძე, დავით „დანტე“ მჭედლიშვილი, მარიამ ალაქბარლი, რახიმ ჩოპუროვი, აილალ ჰეიდაროვა, ტიმურ ოზდამიროვი, ნაილა სულთანი და ფიდან ნოვრუზოვა.
პროექტის კურატორია ერვე მიქაელოვი. 2016-2017 წლებში, პროექტი, წარდგენილი იყო ბერლინში, ლონდონში, პარიზში და მოსკოვში – ამჯერად, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ნამუშევრებს, ქართველი დამთვალიერებელიც ნახავს.

კურატორის შესახებ:

ერვე მიქაელოვი (HervéMikaeloff ) _ დამოუკიდებელი არტკონსულტანტი და კურატორი. 2004 წლიდან თანამშრომლობს LVMH Group-თან. ამჟამად, მუშაობს Fondation Louis Vuitton- ში. პარიზის l’Ecole du Louvre-ის კურსდამთავრებული. სხვადასხვა დროს, თანამშრომლობდა Fondation Cartier for Contemporary Art-თან, Gallery Emmanuel Perrotin-თან და ფრანგულ გამოცემა l’Officiel Art -თან.
ფონდ IDEA-ს შესახებ:
საზოგადოებრივი გაერთიანება, შექმნილი 2011 წელს, ბაქოელი მხატვრის, ლეილა ალიევას მიერ. ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ინფორმირება ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო პროგრამების რეალიზება გარემოსდაცვით საერთაშორისო ფონდებთან თანამშრომლობით.
გაერთიანება მუშაობს საგანმანათლებლო პროექტებზე და ეძებს გზებს ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად. გარემოს დაცვის საკითხი აქტუალურია არა მხოლოდ აზერბაიჯანისთვის, ამიტომ, გაერთიანება ახორციელებს აგრეთვე, მსხვილ საერთაშორისო პროექტებს მთელ მსოფლიოში.
გამფოენა საზოგადოებრივი გაერთიანება IDEA-ს ორგანიზებითა და Socar Energy Georgia-ს მხარდაჭერით გაიმართა.

მისამართი: ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (თბილისი, რუსთაველის გამზ. 27)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები