საბავშვო წიგნის -„იავნანა ლილისთვის“ წარდგენა გაიმართება

0

8 დეკემბერს, 19:30 საათზე, LITCAFE-ში, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, საბავშვო წიგნის, „იავნანა ლილისთვის“ პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოცემის მიზანია, ხაზი გაუსვას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მამაკაცების, როგორც მზრუნველი მამების, მეუღლეებისა და პარტნიორების ჩართულობა შვილების აღზრდაში და საოჯახო საქმეებში, ქალთა, ბავშვთა, ოჯახების და, ზოგადად, საზოგადოების და ქვეყნის კეთილდღეობისთვის და ნამდვილი გენდერული თანასწორობის მისაღწევად.
წიგნის ტექსტი მწერალ ალექსანდრე ლორთქიფანიძეს ეკუთვნის, ილუსტრაციები – სოფო კირთაძეს, ხოლო დიზაინი – ეკატერინე ტაბლიაშვილს.
წიგნი ერთი ჩვეულებრივი ოჯახის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, ოჯახის, სადაც დედა და მამა თანაბრად ინაწილებენ შვილების აღზრდის პასუხისმგებლობასა და საოჯახო საქმეებს, სადაც უახლოესი ადამიანები ერთმანეთზე ყოველდღიურად ზრუნავენ და სადაც ჰარმონია ურთიერთგაგებით, საერთო გამოწვევებისა და პრობლემების გააზრებითა და მათი გადაჭრის გზების ერთობლივად ძიებით მიიღწევა.
უნდა აღინიშნოს, რომ არსებული სტერეოტიპები და დამკვიდრებული კლიშეები ხელს უშლით მამაკაცებს აიღონ პასუხისმგებლობა და მზრუნველი მამები, მეუღლეები, პარტნიორები და ოჯახის წევრები იყვნენ. არსებული სოციალური ნორმები კვლევებითაც დასტურდება: 2013 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიერ ჩატარებული კვლევის „კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ მიხედვით, მამების ძალზე მცირე ნაწილი მონაწილეობს შვილების აღზრდაში, პრობლემების გადაჭრის გზების ძიებასა და განათლების მიღების პროცესში. მამების უმრავლესობა არ იზიარებს შვილების პრობლემებს, არ ესაუბრება მათ მოზარდებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, არ მონაწილეობს სასკოლო ცხოვრებაში და არ ინაწილებს მათთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობებს. შეიძლება ითქვას, რომ შვილების აღზრდაში ყოველდღიურად ჩართული კაცების ხვედრითი წილი 5%-ს არ აღემატება.
კამპანია „კაცები ზრუნავენ“ ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით. კამპანიის მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების, მეუღლეებისა და პარტნიორების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით – საზოგადოების გაძლიერებას. მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა მამაკაცს, რომელიც კამპანიის იდეას იზიარებს.
ღონისძიება ეძღვნება 16 – დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.
(მისამართი: თბილისი, თარხნიშვილის ქ. №2)

კომენტარები

კომენტარი