ანა ნაცვლიშვილი საია-ს თავმჯდომარე აღარ იქნება

ანა ნაცვლიშვილი საიას თავმჯდომარე აღარ იქნება. აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად ნაცვლიშვილმა გაავრცელა.

ნაცვლიშვილი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს თუ სად გააგრძელებს მუშაობას.
“3 წელი გავიდა. ხვალ არის ჩემი ბოლო სამუშაო დღეა საიაში. შეუძლებელია, სიტყვებით გადმოსცე ის ყველაფერი, რაც ამ პერიოდის განმავლობაში გავაკეთე, რაც გავიარე და გამოვცადე. ადამიანის უფლებების დაცვა ჩემთვის არასოდეს ყოფილა მხოლოდ სამსახური, არც საიამდე, არც საიაში. შესაბამისად – ყველგან, სადაც წავალ ახლო თუ შორეულ მომავალში, გავაგრძელებ ბრძოლას და შრომას უფლებებისთვის,-წერს ნაცვლიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
ანა ნაცვლიშვილი 2013 წლიდან მუშაობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. 2015 წლის დეკემბერში იგი საიას გამგეობამ მეორე ვადით აირჩია ორგანიზაციის რიგით მე-11 თავმჯდომარედ. 2015 წლის ივლისიდან არის ასევე კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის თავმჯდომარე, რომელიც აერთიანებს მართლმსაჯულების საკითხებზე მომუშავე 30-ზე მეტ ორგანიზაციას საქართველოში.
საია დაფუძნდა 1994 წლის 9 სექტემბერს, ოფიციალურად კი რეგისტრაცია გაიარა 1994 წლის 21 სექტემბერს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციამ (კავშირმა). საია წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას. დღესდღეობით ის 700-მდე წევრს აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები