თამარ ხულორდავა სერბეთის ეროვნული ასამბლეის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ნენად ჩანაკს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ქვეყნებს შორის ურთიერთგამოცდილების გაზიარება იყო.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუმარი საქართველოში საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაში „ევროკავშირი და პარტნიორები – მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის“ მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირთან ურთიერთობის გამოცდილების გაზიარება, რათა ამ გამოცდილებით ჩვენი საქმიანობა გავამდიდროთ. კანდიდატი ქვეყნები, ჩვენზე ერთი ნაბიჯით წინ არიან. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში უამრავი პრობლემაა თავმოყრილი, ისინი ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, თუნდაც გეოგრაფიული მიზეზებიდან გამომდინარე, საქართველოზე წინ არიან”, – განაცხადა ხულორდავამ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე იმ განსაკუთრებულ ფაქტორზე ისაუბრეს, რომელიც, როგორც საქართველოზე ასევე, სერბეთზე მოქმედებს – ეს არის რუსეთის ფაქტორი.

„სერბეთს კარგად ესმის საქართველოს რეალობა და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები: ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპაციის საკითხი და ის სირთულეები, რომელსაც რუსეთი ყოველდღიურ რეჟიმში, გვიქმნის ოკუპირებულ ტერიტორიებთან წვდომის შეზღუდვის თვალსაზრისით“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები