ტრაგედიის დღეს, 51-ე სკოლის დირექტორი სკოლაში არ იყო – მოზარდების მკვლელობის საქმეში კიდევ ერთი სკოლის მოსწავლე ფიგურირებს

პირველ დეკემბერს, ტრაგედიის დღეს 51-ე საჯარო სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე სამსახურში არ ყოფილა, – ამის შესახებ “კვირას” მანანა თურქაძემ ტრაგედიის დღესვე განუცხადა.
მისივე თქმით, ის პირველ დეკემბერს ბათუმში იმყოფებოდა.
„ერთდღიანი შვებულება ავიღე და ქალაქგარეთ ვარ” – განუცხადა “კვირას” მანანა თურქაძემ.
მანვე, შვებულების მოთხოვნით, ძველი თბილისის რაიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელს ლელა ქემოკლიძე- მუკბანიანს 29 ნოემბერს მიმართა. თუმცა, თავად, რესურსცენტრის ხელმძღვანელიც ერთკვირიან შვებულებაში 29 ნოემბერს გავიდა და ამის შესახებ განათლების მინისტრს განცხადებით მიმართა. იგი სამსახურში დღეს, 4 დეკემბერს გამოცხადდა.
„51 -ე საჯარო სკოლის დირექტორმა მანანა თურქაძემ განცხადებით მოგვმართა, სადაც ითხოვდა ერთდღიან ანაზღაურებად შვებულებას. ვინაიდან მე შვებულებაში ვიყავი, მოვალეობას, ჩემი მოადგილე ასრულებდა და დირექტორის მოთხოვნას ხელი თამარ კვეშელავამ მოაწერა“, – განაცხადა „კვირასთან“ საუბრისას ძველი თბილისის რაიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლელა ქემოკლიძე-მუკბანიანმა.
მას შემდეგ, რაც 51 -ე საჯარო სკოლის დირექტორმა კუთვნილი შვებულება მიიღო, იგი 1-ელ დეკემბერს ბათუმში წავიდა. სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ, მან 51-ე სკოლის დირექტორის მოადგილე თინათინ ყენიასგან შეიტყო.
იმავე დღეს, სკოლის დირექტორი ბათუმიდან თბილისში დაბრუნდა, თუმცა მისი ერთი მოსწავლე ლევან დადუნაშვილი უკვე გარდაცვლილი დახვდა, ხოლო მეორე, მძიმედ დაჭრილი დავით სარალიძე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში იწვა და სიკვდილს ებრძოდა.
აღსანიშნავია, რომ 51 -ე სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება სასწავლო პროცესის დროს დაიწყო.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, დილის საათებში, ქ.თბილისის N51-ე საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებს თ.ჩ.-ს და ა.ს-ს გაკვეთილებს შორის არსებულ შესვენებაზე, საპირფარეშოში ექვსი უფროსკლასელი დახვდათ, რომელთაგან ერთ-ერთმა მათ პნევმატური იარაღი მიუშვირა, რასაც ამ უკანასკნელების უკმაყოფილება მოჰყვა, რაც გადაიზარდა სიტყვიერ დაპირისპირებაში“ – ამონაწერი საქმის მასალებიდან.
ამ ეტაპისთვის უკვე ცნობილია, რომ მოსწავლეებს შორის დაპირისპირება ცნობილი იყო სკოლის მანდატურისთვის და სკოლის დირექტორის მოადგილე, თინათინ ყენიასთვისაც.
თუმცა, თინათინ ყენიამ ნაცვლად იმისა, რომ სკოლის უფროსკლასელებისთვის მეტი ყურადღება მიექცია, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, ეზოში მყოფ უფროსკლასელებს მოუწოდა, დროულად დაეტოვებინათ სკოლის ეზო და სახლში წასულიყვნენ. მით უფრო, რომ მან სკოლის ეზოში უცხო პირები შენიშნა.
„სასწავლო პროცესი უკვე დასრულებული იყო, დაახლოებით 2 საათი ხდებოდა, აივნიდან ვიყურებოდი, როდესაც სკოლის ეზოში უცხო ბიჭები შევნიშნე. მათ შორიახლოს ჩემი მოსწავლეებიც დავინახე. იქ იდგნენ ლ.ბ-ც და დ.ს.-ც. იქვე იყვნენ სხვადახვა კლასის მოსწავლეების მშობლებიც. აივნიდან თვალყურს ვადევნებდი და ბიჭებს მოვუწოდე, რომ სკოლის ეზოში დიდხანს არ გაჩერებულიყვნენ და სახლებში დროულად მისულიყვნენ“ – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას თინათინ ყენია.
ამის შემდეგ, თავდაცვის მიზნით, თინათინ ყენიამ მანდატურის სამსახურის თანამშრომელს მაინც სთხოვა, რომ სკოლის პერიმეტრი დაეთვალიერებინა. მანდატური მხოლოდ სკოლის შენობასა და პერიმეტრის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.
„მანდატურის სამსახურის თანამშრომელს ვთხოვე, რომ ბაქრაძის ქუჩა დაეთვალიერებინა. რამდენიმე წუთში, მანდატურმა მითხრა, რომ სკოლის გარე პერიმეტრი და ბაქრაძის ქუჩაც დაათვალიერა, მაგრამ იქ ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები არ შეუნიშნავს“ – ამბობს თინათინ ყენია.
ტრაგედია ბაქრაძის ქუჩის პარალელურ, ხორავას (თარხნიშვილის) ქუჩაზე მოხდა.
მომხდარი ტრაგედიიდან მეორე დღეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დავით სარალიძეც გარდაიცვალა. რაც შეეხება 51-ე საჯარო სკოლის დირექტორს, მანანა თურქაძეს, ის ჟურნალისტებთან ტრაგედიაზე თანამშრომლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საუბრობს.
აღსანიშნავია, რომ 1-ელ დეკემბერს მომხდარი ტრაგედიის ირგვლივ გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის, შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 150 -ზე მეტი პირი დაიკითხა, თუმცა, მათი უმრავლესობა გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.
ტრაგედიის მეორე დღეს, პოლიციამ პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე დააკავა.
შსს განცხადებით, საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბერს თბილისში, აკ. ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ.-მ არასრულწლოვან ლ.დ.-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
2001 წელს დაბადებული გ.ბ. პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა. იმავე დღეს, „კვირა“ სკოლის დირექტორს ხათუნა ბარაბაძეს დაუკავშირდა. მან არასრულწლოვანის ვინაობა არ გაამხილა, თუმცა აღნიშნა:
„ჩემი სკოლელის გარდა, იმ ჩხუბში კიდევ უამრავი მოსწავლე ფიგურირებს. სხვადასხვა სკოლაში სწავლობენ. სწორედ ის უნდა დააკავონ, ვინც ამ ჩხუბის შესახებ ინფორმაცია შეატყობინა და ბიჭები იქ შეყარა. მე არ ვიცი ვინ იყო ეს, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი სკოლის მოსწავლეს დახმარებისთვის დაურეკა“ – აღნიშნა ხათუნა ბარაბაძემ.
4 დეკემბერს, სამართალდამცავებმა დააკავეს მოქალაქეები თ.კ., გ.შ. და ზ.წ. .
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული თ. კალანდიაა. „კვირას“ ინფორმაციით, თ. კალანდიას შვილები ჩხუბში მონაწილეობას არ ღებულიბდნენ. ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის საქმეში, სავარაუდოდ, კიდევ ერთი საჯარო სკოლა ფიგურირებს.
4 დეკემბერს დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებული მოქალაქის, თ.კ.-ს შვილები არ სწავლობენ არც 51-ე საჯარო სკოლაში და არც N 1 ექსპერიმენტულ სკოლაში.
საქმის მასალების თანახმად, დაკავებულმა თ.კალანდიამ მომხდარი ტრაგედიის შესახებ შვილებისგან შეიტყო, სწორედ კალანდია დაეხმარა პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეს გ.ჯ-ს გაქცევაში. გ.ჯ. ამ დრომედე იძებნება. ამასთან, მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 1-ელ დეკემბერს, მომხდარიდან მალევე, ა.ს.-მ, ვინაიდან მასთან კონფლიქტში მყოფები იყვნენ მასზე ასაკით უფროსები, დახმარებისთვის არასრულწლოვან ნათესავს – მ.კ.-ს დაურეკა და მომხდარის შესახებ უამბო.
შს სამინისტროს ინფორმაციით, თ.კ.-სთვის, ასევე, მისი შვილების – ლ.კ.-სა და მ.კ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ 2001 წელს დაბადებულმა, არასრულწლოვანმა გ.ჯ.-მ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, რაც სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
რაც შეეხება მოქალაქეებს – ლ.კ.-ს და მ.კ.-ს, მათ მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და შესაძლოა, გაიზარდოს დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემ პირთა წრე. ზემოაღნიშნულის გარდა, გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ მოქალაქეებმა – გ.შ-მ და ზ.წ.-მ ხელი შეუწყეს არასრულწლოვანი გ.ჯ.-ს მიმალვას. შესაბამისად, მოქალაქეები გ.შ. და ზ.წ. დაკავებული არიან დანაშაულის დაფარვისთვის.
„კალანდია არც ერთი მოსწავლე არ მყავს. 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, ჩემი სკოლის ოთხი მოსწავლე იმყოფებოდა. მათ შორის ერთი – გ.ბ. დაკავებულია, მეორე – გ.ჯ. იძებნება, ხოლო კიდევ ორი მათგანი, დღეს სკოლაში არ გამოცხადებულა“ – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა ხათუნა ბარაბაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები