მიხეილ ჩხენკელი: სკოლებში უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიციაც ჩაერთვება
სკოლებში მანდატურის სამსახურის როლი გაძლიერდება და უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიციაც ჩაერთვება, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„გუშინ შევხვდი შინაგან საქმეთა მინისტრს. ერთსულოვანნი ვართ იმაში, რომ აუცილებელია დანაშაულის პრევენციის მიზნით სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. შევთანხმდით, რომ შეიქმნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც პრევენციის კონკრეტულ გეგმასა და პროცესს სრულ კოორდინაციას გაუწევს. სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად იქნებიან ჩართულები იმ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მუშაობენ. უკვე დავსახეთ რამდენიმე მიმართულებით მუშაობის სტრატეგია. პირველ რიგში, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერება, ასევე მანდატურის სამსახურსა და სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინირებული მოქმედება. ასევე, გადაწყდა, რომ საწყის ეტაპზე სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში ჩაერთვება საპატრულო პოლიცია. გარდა ამისა, გააქტიურდება მუშაობა სკოლებში პრევენციული საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობების, საზოგადოებრივი წესრიგის და სასკოლო დისციპლინის დაცვის, ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.