რამინ იდიგოვი აშშ-ში გამართულ ვიზიტს დადებითად აფასებს: საშუალება მოგვეცა, რეალური წარმოდგენა შეგვქმნოდა ამ ქვეყანაზე

სრულიად საქართველოს შეიხი რამინ იდიგოვი, რომელიც სხვა სასულიერო ლიდერებთან ერთად, ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში კერძოდ, ვაშინგტონში იმყოფებოდა, ვიზიტით კმაყოფილია.
როგორც რამინ იდიგოვმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ თემში და ასევე სხვა მუსლიმებში, აშშ-სადმი ხშირად ნეგატიური დამოკიდებულებები იჩენს თავს.
იდიგოვის თქმით, აღნიშნულმა ვიზიტმა მას საშუალება მისცა, რეალური წარმოდგენა შეჰქმნოდა ამერიკის შეერთებულ შტატებზე.
„ჩვენ დავესწარით კონფერენციებს, მონაწილეობა მივიღეთ ოფიციალურ შეხვედრებში. ადგილზე გავეცანით რელიგიურ თემებთან მიმართებაში მათ გამოცდილებას. ამასთან, ჩვენ ვისაუბროთ საქართველოში არსებული რელიგიური ჯგუფების გამოცდილებაზე – აქ არსებულ ტოლერანტულ გარემოზე და სხვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებულ, ასევე სხვა მუსლიმ თემს, ამერიკის შეერთებული შტატებისადმი ჰქონდა უარყოფითი შეხედულება და ამ ვიზიტმა მოგვცა საშუალება, რეალური წარმოდგენა შეგვქმნოდა ამერიკის შეერთებულ შტატებზე. მე ჩემი პრეტენზიებიც დავაფიქსირე, რომ ის არასამთავრობები, რომლებიც აშშ-დან ფინანსდებიან და რელიგიური უმცირესობების უფლებებზე მუშაობენ, არასწორ ანგარიშებს ამზადებენ, რაც შემდგომში აისახება სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში და ვთქვი, რომ ეს მუსლიმ თემში გარკვეულ უკმაყოფილებებს იწვევს. ასევე, აშშ-ში ტრადიციული და არატრადიციული ისლამის მიმდევრებს ხშირად აიგივებენ რადიკალური ისლამის მიმდევრებთან, რითიც ისლამის შელახვა ხდება. სწორედ ამერიკაში გამოიყენეს ტერმინი – მუსლიმი ტერორისტები, რაც არასწორია. ამ ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ სხვადასხვა ადგილები, მუსლიმთა სალოცავები მოვინახულეთ და დავრწმუნდით, რომ აშშ-ში მუსლიმებს აქვთ საშუალება, თავისუფლად აღასრულონ ღვთისმსახურება, რაც მისასალმებელია. ვფიქრობ, რომ არამხოლოდ ამერიკაში ასევე, ევროპის წამყვან ქვეყნებშიც აუცილებელია სხვადასხვა რელიგიური ლიდერების ვიზიტი, მათი პრაქტიკის ადგილზე გაცნობა და ჩვენი პრაქტიკის მათთვის გაზიარება“, – განაცხადა რამინ იდიგოვმა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 28 ნოემბერს, სასულიერო პირების ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საერთაშორისო ინტერ-რელიგიური კონფერენცია თემაზე: რელიგიის როლი დემოკრატიაში და ანტიდასავლური პროპაგანდა. NED-ის (ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის) მასპინძლობით მიმდინარე კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს რელიგიურმა ლიდერებმა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა.
ვიზიტის ფარგლებში სასულიერო პირებმა მოინახულეს ვაშინგტონის ღირსშესანიშნაობები, ეწვივნენ კაპიტოლიუმს, ვაშინგტონის მონუმენტსა და ლინკოლნის მემორიალს. ვიზიტი ისტორიულად შეაფასეს თავად მონაწილეებმა, აღნიშნეს რომ მსგავსი გამოცდილების, შეხედულებათა ურთიერთგაცვლის, პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერის ნათლად ხილვისა და საკუთარი ქვეყნის მრავალრელიგიური ხანგრძლივი თანაარსებობის ამერიკელ პარტნიორებთან გაზიარების მნიშვნელობა.
ვიზიტი დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის (CDD) ორგანიზებით განხორციელდა. შემსწავლელი ვიზიტისა და საერთაშორისო ინტერ-რელიგიური კონფერენციის მხარდამჭერები არიან: ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის (NED), საქართველოს საელჩო აშშ-ში, საქართველოში აშშ-ის საელჩო, ევროპულ და ევროალტანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები