გიორგი ფოფხაძე: სექსუალური ორიენტაციის კუთხით ადამიანების დევნა და დისკრიმინაცია არ უნდა ხდებოდეს

„სექსუალური ორიენტაციის კუთხით ადამიანების დევნა და დისკრიმინაცია არ უნდა ხდებოდეს. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი სახელმწიფო და მოქალაქეების დიდი ნაწილის აზროვნება და ცხოვრების წესი ტრადიციულ ფასეულობებზე, ზნეობრივ და მორალურ პრინციპებზეა დამყარებული” – ამის შესახებ სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენილმა გიორგი ფოფხაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, გიორგი ფოფხაძე განმარტავს, რომ მკაცრად უნდა აიკრძალოს ლგბტ პირების მიმართ პროპაგანდისტული გამოსვლები, აფიშირება და აგიტაცია.
ფოფხაძემ, სახალხო დამცველის პოსტზე არჩევის შემთხვევაში, პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვა დაასახელა და აქვე განაცხადა, რომ არავის მისცემს ლგბტ თემით მანიპულირების უფლებას.
”მათ მიმართ ამხელა აჟიოტაჟია ატეხილი. ეს უფრო ხელოვნურად არის შექმნილი და პოლიტიზირებული პროცესია. სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, არავის მივცემ ამ ჯგუფით მანიპულირების, მათი გამოყენების ან მათ მიმართ საზოგადოების აგრესიულად განწყობის უფლებას. ყველას გასაგონად ვაცხადებ, ძალადობა და დისკრიმინაცია მიუღებელია. ამასთან, დავამატებ, რომ კანონმდებლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ საკითხთან მიმართებაში სწორი რეგულაციები უნდა მიიღონ, რაც უნდა არეგულირებდეს მათ უსაფრთხოდ ცხოვრების და თავისუფლების საკითხებს. სექსუალური ორიენტაციის კუთხით ადამიანების დევნა და დისკრიმინაცია არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ მკაცრად უნდა აიკრძალოს ნებისმიერი მათი პროპაგანდისტული გამოსვლა, აფიშირება და აგიტაცია, რადგან არ შეიძლება ერთი ჯგუფის ინტერესების დაცვის საბაბით მეორე ჯგუფის ინტერესები და უფლებები ირღვეოდეს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი სახელმწიფო და მოქალაქეების დიდი ნაწილის აზროვნება და ცხოვრების წესი ტრადიციულ ფასეულობებზე, ზნეობრივ და მორალურ პრინციპებზეა დამყარებული”, – განაცხადა ფოფხაძემ პარლამენტში გამოსვლისას.
ფოფხაძემ პრიორიტეტებს შორის ასევე დაასახელა: ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვა და მათი სამოქალაქო ინტეგრაცია, შრომის უფლებები, ომის ვეტერანთა და ჯარისკაცების უფლებები, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უფლება, ბავშვთა და ქალთა უფლებების დაცვა, შეზღუდული შესაძლებელობების მქონე პირთა უფლებების დაცვა, საკუთრების უფლება და სხვა.
სახალხო დამცველის პოსტზე გიორგი ფოფხაძე ფრაქციამ ”საქართველოს პატრიოტები” წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები