დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილეს ცეან ქემინგის შეხვდა

თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში, საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, დიმიტრი ქუმსიშვილსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილეს ცეან ქემინგის (Qian Keming) შორის ორმხრივი შეხვედრა შედგა.

შეხვედრის მსვლელობისას დიმიტრი ქუმსიშვილმა  ქვეყნისა და რეგიონისთვის თბილისის ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა,  რომელიც, მისი თქმით,  ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის „გზისა და სარტყელის“ ინიციატივის გამოძახილს წარმოადგენს. ასევე, ეფუძნება win-win-ის პრინციპს და ყველა მონაწილისთვის მაქსიმალური კეთილდღეობის მიღწევისთვის ისწრაფვის.

საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები დადებითი ტენდენციებით ხასიათდება. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვამ 728 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 19%), ჩინეთი არის საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის მე-3 ადგილზე, საქართველოს მთლიან ბრუნვაში 8.5%-იანი წილით. მათ შორის: ექსპორტმა შეადგინა 184.5 მლნ. აშშ დოლარი, რაც 27%-ით მეტია 2016 წლის 10 თვის მონაცემებთან შედარებით. ექსპორტის მიხედვით უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის ჩინეთი მე-3 ადგილზეა, საქართველოს მთლიან ექსპორტში 8.4%-იანი წილით.

დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ 2018 წლის პირველი იანვრიდან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლა,  სავაჭრო ურთიერთობების განვითარებასა და ზრდას დამატებით ხელს შეუწყობს.

ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი არის პირველი ფორუმი, რომელიც “აბრეშუმის გზის” ინიციატივის ფარგლებში ჩინეთის გარეთ იმართება. ხოლო, მისი საქართველოში ჩატარება ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელობას ამ ინიციატივის ფარგლებში. ჩინეთი ძალიან მრავალრიცხოვანი დელეგაციით არის წარმოდგენილი ფორუმზე.

შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის  ეკონომიკური ზონების განვითარებასა და სამეწარმეო სიმძლავრეების ზრდის ხელშეწყობის სფეროში თანამშრომლის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის მნიშვნელობას ორივე ქვეყნისთვის.

ხსენებული მემორანდუმი მიზნად ისახავს ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემდგომ განვითარებას ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის, ინვესტიციებისა და საწარმოო შესაძლებლობების გაუმჯობესების გზით, საწარმოებისათვის თანამშრომლობის პლატფორმის მშენებლობასა და სამრეწველო კლასტერების გაძლიერებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები