“აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში, 15:30 საათზე პანელი „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა“ გაიმართება
28-29 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმი” ტარდება. 2017 წლის ფორუმი 2015 წლის თბილისის აბრეშუმის ფორუმის გაგრძელებაა და წარმოადგენს მაღალი დონის სამთავრობო და ბიზნესის ბიზნესთან დიალოგის და, ასევე, სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა და ბიზნესებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების პლატფორმას. 2017 წლის აბრეშუმის გზის ფორუმზე დასასწრებად თბილისში 34 ოფიციალური დელეგაცია, 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი ჩამოდის.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში 28 ნოემბერს 15:30 საათზე სასტუმრო „ბილტმორში” გაიმართება პანელი „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა“, რომელსაც მოდერატორობას გაუწევს ცნობილი ჟურნალისტი, Deutsche Welle TV-ს მთავარი პოლიტიკური კორესპონდენტი მელინდა კრეინი. პანელში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი, ADB-ის ვიცე-პრეზიდენტი ვენჩაი ჟანგი, თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრი აჰმედ არსლანი, სლოვენიის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურის მინისტრი პიტერ გასპერსიკი, პოლონეთის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის მინისტრი ანდრეი ადამჩიკი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტრანსპორტის, კომუნიკაციების და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრი რამინ გულუზადე.
პანელი მოხსენებების შემდეგ დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდება, შედგება მსჯელობა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, კერძოდ: სატრანსპორტო როლის გაზრდა საბაზრო წვდომის უზრუნველყოფასა და ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაში; კოორდინირებული საქმიანობა აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის სატვირთო გადაზიდვების მოცულობების გაზრდის მიზნით; არსებული გამოწვევები და ტრანსპორტის ხელშეწყობის პერსპექტივები; სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, როგორც უმთავრესი გზის განვითარება სავაჭრო პოტენციალის გასახსნელად; ლოგისტიკური სისტემების საიმედოობა და ეფექტურობა ტვირთის ნაკადების გასაზრდელად; სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში ინვესტირების საჭიროება; არსებული ფინანსური რესურსების შეფასება და საერთაშორისო ფინანსური რესურსების მობილიზება კავშირის გაუმჯობესების მიზნით.
პანელზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება რეგიონული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შესახებ ინიციატივებზე, ამასთან, მოხდება სამომავლო თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანი რეგიონალური/საზღვრისპირა რეგიონების პროექტების და შესაძლებლობების განსაზღვრა.
ეფექტური და მდგრადი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა რეგიონალური განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რეგიონული სტრუქტურა, რომელზეც დაფუძნებულია სარკინიგზო, საგზაო, საზღვაო და საჰაერო მარშრუტები, მიზნად ისახავს ფუნქციონალური, ეფექტური და მაღალი ხარისხის სატრანსპორტო დერეფნების შექმნას. ქვეყნებს შორის კოორდინირებულმა საქმიანობამ შეიძლება განაპირობოს სატვირთო მოცულობების გაზრდა და შექმნას ახალი ბიზნეს შესაძლებლობები. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ბაზარზე წვდომას, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების უკეთესად გამოყენებას, ვაჭრობის ხელშეწყობისთვის ძალისხმევებს, ელექტრონული კომერციისა და ხალხთა შორის კავშირს.
მულტიმოდალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის, სადაც ინტეგრირებულია სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალება უწყვეტი და ეფექტური (რენტაბელური) სატრანსპორტო ოპერაციების საწარმოებლად, მრავალი შესაძლებლობა არსებობს. სატვირთო ექსპედიტორი და სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებლები ინტენსიურად ეძებენ ალტერნატივებს არსებული მარშრუტებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს საკმარის დაცულობასა და ტრანსპორტირების უსაფრთხოებას. ქვეყნებს შორის მულტიმოდალური კავშირის გასაუმჯობესებლად საჭიროა ორიენტირება მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის: ა) ფიზიკურ ბარიერებზე, როგორიცაა მულტიმოდალური ტერმინალები ან ლოგისტიკური პარკები; ბ) ადმინისტრაციულ ბარიერებზე, როგორიცაა საბაჟო და სატრანსპორტო რეგულაციები და პროცედურები; გ) მულტიმოდალური დერეფნის შესახებ ინფორმაციის გაცვლის სისტემებზე ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.
აზიასა და ევროპას შორის სატრანსპორტო კორიდორები მოიცავს სახმელეთო და საზღვაო მარშრუტების ფართო სპექტრს და ხმელეთით გარშემორტყმულ სახელმწიფოებს საერთაშორისო ვაჭრობისთვის საზღვაო პორტებზე წვდომის საშუალებას აძლევს. საქართველო, რომელიც ევროპასა და აზიას შორის ერთ-ერთი ყველაზე მოკლე სატრანზიტო მარშრუტია, თანდათანობით ითავსებს რეგიონალური სავაჭრო და ლოგისტიკური ცენტრის ფუნქციას სატრანზიტო ტვირთების 60%-ზე მეტი გადაზიდვით. მნიშვნელოვანმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონალური სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობას, საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალი გააძლიერა.