რუსეთ-სირიის ურთიერთობის ლუსტრაცია, სოჭის შეხვედრები, პუტინის პოლიტიკური ამბიციები და საქართველო – გიგა ლემონჯავა გეოპოლიტიკური პროცესების შესახებ
2017 წელი. ნოემბერი. სოჭი. ვლადიმერ პუტინთან ჯერ სირიის პრეზიდენტი ბაშარ-ალ ასადი ჩადის, შემდეგ კი – ირანისა და თურქეთის პირველი პირები. შეხვედრების ოფიციალური თემა ერთია – სირიის ე.წ. ნაციონალური დიალოგის კონგრესის ფარგლებში ქვეყანაში არსებული კონფლიქტის გადაჭრის საკითხების განხილვა. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ სირიაში მასშტაბური საბრძოლო მოქმედებები სრულდება და ახლა ომისშემდგომ მოწყობაზე უნდა იზრუნონ.
ყველას ესმის, რომ სოჭის ვიზიტების თემა ოფიციალური განცხადებების შესაბამისი და ზედაპირული არ არის. ის გაცილებით ღრმა და საშიშ პროგნოზებს გვიხატავს და ბოლო მოვლენებს გლობალური პოლიტიკის კონტექსტში თუ განვიხილავთ, ის აუცილებლად შეეხება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, მათ შორის – საქართველოს.
სხვათა შორის, სირიის საპარლამენტო დელეგაცია სულ ცოტა ხნის წინ აფხაზეთსაც ეწვია და „ორმხრივი თანამშრომლობის” შესახებ ღია განცხადებებიც გააკეთეს. პათოსი ერთი იყო – მათ ჰყავთ საერთო მეგობარი და მეკავშირე რუსეთის სახით, რომელიც მათ ქვეყნებში მშვიდობიანი ცხოვრების გარანტია.
მაინც, რას მოიტანს ეს მოვლენები, რა ჩაიფიქრა ამჯერად პუტინმა და რას უნდა ველოდოთ მისგან? რისთვის უნდა ვიყოთ მზად და არსებობს თუ არა ახალი საფრთხეები, რაც საქართველოზე პირდაპირ თუ ირიბ გავლენას მოახდენს? რა ხდება მსოფლიო საგარეო პოლიტიკაში და რა მოხდება ხვალ მსოფლიოში?
„კვირა“ ამ თემებზე სასაუბროდ საერთაშორისო უსაფრთხოების სამართლის დოქტორს, გიგა ლემონჯავას დაუკავშირდა და მისი საინტერესო ანალიზიც მოისმინა:
– სოჭში ასადი ჩაფრინდა და სირიის ომისშემდგომ მოწყობასთან დაკავშირებით პუტინთან მოლაპარაკებები გამართა. ამის შემდეგ რუსეთის პირველ პირთან ირანის და თურქეთის პრეზიდენტები ჩადიან… როგორ აფასებთ ამ მოვლენას და რა იმალება ამ ოფიციალური განცხადებების მიღმა?
– ვფიქრობ, ამ ვიზიტმა პუტინისა და ასადის, ესე იგი რუსეთის ფედერაციისა და სირიის პოლიტიკური ურთიერთობების ლუსტრაცია მოახდინა. თუ აქამდე პუტინი სირიასთან ურთიერთობას ტერორიზმთან ბრძოლის არგუმენტით ასაბუთებდა, დღეს ღიად აცხადებს, რომ სირიაში კონტრტერორისტული პროცესი დასასრულისკენ მიდის და ისინი შემდგომი თანამშრომლობის ნაბიჯებს გეგმავენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ე.წ. ტერორიზმთან ბრძოლის პროცესში მათი თანამშორომლობის რეალური მიზანი, ძირითადად, რუსეთისა და სირიის პოლიტიკური მიზნების, მათი პოლიტიკური ზრახვების განხორციელების ხელშეწყობა იყო, რაც სინამდვილეში ტერორიზმთან ბრძოლის იდეას სცდება.
მათი მიზანი და იდეა კი შემდეგი იყო – გეოპოლიტიკური უპირატესობის მოპოვება ცივილიზებულ სამყაროსთან, უფრო კონკრეტულად კი – აშშ-სთან. თუკი ამას ადრე ჰუმანიტარული და კონტრტერორისტული მოქმედებების საფარქვეშ ცდილობდნენ, ახლა დაუფარავად მოახდინეს პოლიტიკური ზრახვების ლუსტრაცია და სამხედრო თანამშრომლობიდან პოლიტიკურ თანამშრომლობაზე გადავიდნენ, ეს პროცესი გაშიშვლდა და თავისთავად საფრთხის შემცველია. ამას შეიძლება ჰქონდეს საკმაოდ ნეგატიური შედეგები როგორც რეგიონისთვის, ისე სრულიად გლობალური პოლიტიკისთვის.
– მაინც რა საფრთხეებს უნდა ველოდოთ და რატომ – ახლა?
– ახლა იმიტომ, რომ რეალურად სირიაში ისლამური სახელმწიფოს პოზიციები ძალიან შესუსტდა, ფაქტობრივად ისლამური სახელმწიფო დამარცხების ზღვარზეა და ამ ბრძოლაში ბევრი აღარ დარჩა.
ამ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანი კოალიციური ძალების, ნატოს ქვეყნების ძა
ლისხმევა იყო, რომლებმაც ისლამური სახელმწიფოს პოზიციების მინიმუმადე დაყვანა რეალურად შეძლეს, შეასუსტეს ის და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
ამ მოვლენების ფონზე, პუტინს და ასადს ძალიან გაუჭირდებოდათ, შემდგომ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, თავიანთი პოზიციის დასაბუთება. მათ სჭირდებოდათ თანამშრომლობის ახალი ფორმატი და ეს ფორმატი სამხედრო თანამშრომლობიდან და ტერორიზმთან ბრძოლიდან პოლიტიკურ ჭრილში გადაჰყავთ. ამასთან, პუტინს სწორედ ახლა სჭირდება მსოფლიოში თავისი ე.წ. უძლეველობის მითის გამყარება. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მოდის, ფედერალური ხელისუფლების პირველი პირის საარჩევნო ნარატივი კი ძალაზე დგას. რუსეთის პრეზიდენტს სჭირდებოდა თავისი გეოპოლიტიკური როლის ხაზგასმა მსოფლიოში, მას ეს სჭირდება როგორც რუსეთში შიდა აუდიტორიისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის სადემონსტრაციოდ.
– რას იტყვით სოჭში, პუტინისა და თურქეთ – ირანის პრეზიდენტების შეხვედრაზე? რუსეთის პრეზიდენტმა, როგორც ვიცით, განაცხადა, რომ სირიის კონფლიქტის დარეგულირების საკითხები განიხილეს. მან აღნიშნა, რომ ქვეყნების პირველი პირები შეთანხმდნენ, აქტიური ძალისხმევით განაგრძონ მუშაობა მთავარი ამოცანის გადასაწყვეტად – სირიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, მისი სუვერენიტეტის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად…
– ირანთან დაკავშირებით კომენტირება და ანალიზი იმიტომ არის მარტივი, რომ ობამას ე.წ. ბირთვული შეთანხმება ირანთან, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩაიშალა. ანუ ირანი აშშ-სთვის ვერ ჩამოყალიბდა სტრატეგიულ, მყარ პარტნიორად და არც ირან-რუსეთის ურთიერთობებია უცხო და ახალი. მათი პოლიტიკური ინტერესები, ხშირ შემთხვევაში, ემთხვევა ერთმანეთს.
რაც შეეხება თურქეთს, ის ახლოაღმოსავლეთის რეგიონში ერთ – ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, შესაბამისად ჩართულია ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებში, რაც რეგიონში მოვლენათა მომავალ განვითარებას ეხება. თუმცა, თურქეთს საკუთარი რეგიონალური და გეოპოლიტიკური ამბიცია და გეგმები გააჩნია და ამასთან ერთად ის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოა. თურქეთ – რუსეთის ურთიერთობები კონტექსტებზეა დამოკიდებული.
ჩვენ კარგად გვახსოვს 2015 წელს სირია – თურქეთის საზღვარზე თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩამოგდებული რუსული გამანადგურებელი, რამაც რუსეთ – თურქეთის ურთიერთობები უკიდურესად დაძაბა. ამ ეტაპზე ამ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა მეტად სტაბილურია, თუმცა რაიმე სახის ღრმა პოლიტიკურ თანამშრომლობაზე საუბარი რთულია.
– ამ ყველაფერს წინ უძღოდა სირიის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში… როგორც ვიცით, ახლახან, სექტემბერში გამართულ შეხვედრაზე დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ასადის ხელისუფლების ჩინოვნიკებთან “ქვეყნებს შორის” ურთიერთობის გაღრმავებაზე, საერთო ინტერესებზე და საერთო მეკავშირეზე – რუსეთზე ისაუბრეს… ეს ყველაფერი ჯაჭვური პროცესებია, ვფიქრობ, საშიში სიგნალია ჩვენი ქვეყნისთვისაც … თქვენი აზრით, რამდენად შეეხება საქართველოს ეს გეოპოლიტიკური მოვლენები? რა საფრთხეებს უნდა ველოდოთ?
– რაც შეეხება სირიის დელეგაციის ვიზიტს აფხაზეთში, ეს ცალსახად რუსული გავლენაა. სირიის პოლიტიკურ სისტემაზე ბოლო პერიოდში რუსული გავლენა გაიზარდა და, შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ასადის ხელისუფლების საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი რუსული საგარეო პოლიტიკის ნაწილია.
რომ გითხრათ, რომ ისლამურ სახელწიფოსა და ასადს შორის დიდ განსხვავებას ვხედავ, მოგატყუებთ. ასადი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს ქიმიური იარაღი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ ვნახეთ ეს შემზარავი კადრები. თავის მხრივ, მის მთავრობას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ტერორისტული მთავრობა, რომელიც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტებს ახორციელებს. ტერორისტულია რუსული ხელისუფლებაც, რომელიც ერთის მხრივ მუდმივ შიშსა და წნეხში, რეპრესიებში აცხოვრებს საკუთარ მოსახლეობას, დემონსტრაციულად ახშობს დემოკრატიის ნებისმიერ გამოვლინებას, მეორეს მხრივ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, პირდაპირ ტერორისტულ აქტებს უწყობს რუსეთის მოქალაქეებს.
ამ ფონზე რუსეთისა და სირიის ხელისუფლებებს შორის მჭიდრო ურთიერთობები გასაკვირი სულაც არ არის და აფხაზეთში სირიის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტიც სწორედ ამ კონტექსტის ნაწილია.
დღეს აფხაზეთი უკონტროლო ტერიტორია, ის არის საერთაშორისო მონიტორინგის მიღმა დარჩენილი სივრცე. ერთადერთი საერთაშორისო ინსტრუმენტი – ევროკავშირის მონიტორინგის მისია, რომელიც უფლებამოსილია, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განახორციელოს მონიტორინგი, ვერ აკეთებს ამას, იმ მარტივი მიზეზით, რომ რუსული მხარე უარს აცხადებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის მისიის შეშვებაზე.
საბედნიეროდ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ტერორისტული მომზადების ტერიტორიებად არ ქცეულა და ეს კარგია. თუმცა, პუტინის კოლაბორაცია ასადთან ნიშნავს კოლაბორაციას ტერორიზმთან და როდის მოუნდება რუსეთის პირველ პირს ასოცირებულ ტერორისტულ ორგანიზაციებთან კოლაბორაცია, არავინ იცის.
სირიის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი აფხაზეთში საგანგაშო იყო არაღიარების პოლიტიკის კონტექსტშიც, რომელიც დღემდე წარმატებით ხორციელდება, თუმცა ამ პოლიტიკის ინტენსიფიკაცია ორმხრივ და მრავალმხივ ფორმატებში უდაოდ საჭიროა. მაგალითად, ჩვენ არ გაგვაჩნია მწყობრი რეგიონალური პოლიტიკა ახლოაღმოსავლეთის რეგიონსა და რეგიონის სახელმწიფოებთან მიმართებაში, არადა ნათლად ვხედავთ, თუ როგორ ცდილობს რუსეთი მსოფლიოში შექმნას პრეცედენტები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისათვის. ამის მაგალითია, თუნდაც ე.წ. კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი. საერთაშორისო ექსპერტები კატალონიის რეფერენდუმის ორგანიზების პროცესში აქტიურად და ღიად საუბრობენ რუსულ კვალზე, რისი გამორიცხვაც რა თქმა უნდა რთულია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც იმავე კვალს აშშ – ს საპრეზიდენტო არჩევნებზე ზემოქმედების კონტესტშიც განიხილავენ.
რუსეთის საგარეო უწყება აქტიურად იყენებს კოსოვოს პრეცედენტსაც, რომელიც, ერთი შეხედვით, აბსოლუტურად აკონტექსტუალურია აფხაზეთთან და ცხინვალთან მიმართებაში… მაგრამ აქაც მარტივად ჩანს რუსეთის პირდაპირი ინტერესი, მისი საგარეო პოლიტიკის ამოცანა.
ჩემი აზრით, კატალონიის რეფერენდუმი და აფხაზეთში სირიის დელეგაციის ვიზიტი შეგვიძლია ერთი სტრატეგიული ხაზის ორ სხვადასხვა გამოვლინებად ჩავთვალოთ და ეს არის რუსეთის საგარეო პოლიტიკის, რუსეთის ექსპანსიონისტური საგარეო პოლიტიკის ნაწილი.
– რა გზას შეიძლება მიმართოს ამ დროს საქართველომ, რა ბერკეტები აქვს მას ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროცესებში? როგორ შეიძლება ქვეყანამ თავი დაიცვას და აირიდოს საფრთხეები?
– ამის პრევენციის საშუალება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ეფექტური რეგიონალური პოლიტიკის წარმოებაა. სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოში არსებობს რეგიონები, რომელთანაც საქართველოს საგარეო პოლიტიკური სტრატეგია საერთოდ არ გააჩნია. ეს პრობლემაა.
საერთაშორისო ინსტრუმენტებზე თუ ვისაუბრებთ, საქართველოს არაღიარების პოლიტიკა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერაზე გადის და საქართველოს ხელისუფლებები უწყვეტად და პრინციპში ქმედითად აწარმოებენ ამ მექანიზმის იმპლემენტაციას, თუმცა კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს ქვეყნები, რომლებზეც რუსული გავლენა დიდია. საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ამოცანაა, არ დაუშვას ამგვარი სახელმწიფოების მიერ გაეროში რეზოლუციის მხარდაჭერის შესუსტება. ამ კონტექსტში უმნიშვნელოვასია, თავად საქართველოს საგარეო ბლოკი ძალიან მკაფიოდ, გასაგებად და გაბედულად აყალიბებდეს საკუთარ პოზიციას ნებისმიერ ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და ამ პრობლემაში რუსეთის როლთან დაკავშირებით.
– თქვენ ახსენეთ საერთაშორისო ინსტუმენტები, მაგრამ აქვე აღნიშნეთ, რომ საქართველო ხელისუფლება მას სხვადასხვა დროს ქმედითად იყენებდა და იყენებს… თუ შეგიძლიათ, უფრო კონკრეტულად გვითხრათ, ვუშვებთ თუ არა და სად ვუშვებთ შეცდომას? რა სტრატეგია უნდა ჰქონდეს საქართველოს? ან, ბერკეტები აქვს მას?
– უპირველესად, ამას სერიოზული ანალიზი სჭირდება, იმიტომ, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს, ერთი მხრივ, დამოუკიდებელი რეგიონალური პოლიტიკა, მეორე მხრივ კი, არსებობს საერთაშორისო ფორმატები, გვყავს საერთაშორისო პარტნიორები, რომლებთანაც ძალიან აქტიური კოლაბორაციით და აქტიური კონსულტაციებით უნდა შევეცადოთ, აღმოვფხვრათ ეს პრობლემები და საფრთხეები. წარმატებულ მაგალითებად შეიძლება დავასახელოთ საქართველოს დიპლომატიკური მისიები ლათინური ამერიკის სახელმწიფოებსა და ოკეანეთის ქვეყნებში, სადაც ქართულმა დიპლომატიამ შეძლო თავიდან აცილებინა მრავალი გართულება და მეტიც საფუძველი ჩაეყარა პარტნიორული ურთიერთობებისათვის. თუმცა, ჩვენ გვყვავს საკმაოდ ძლიერი ჩრდილოელი მეზობელი, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს და მუდმივად ცდილობს საპირისპიროს. ის მიზანმიმართულად ცდილობს, მსოფლიოს რაც შეიძლება მეტმა სახელმწიფომ აღიაროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. ნათელია, რომ არაღიარების პოლიტიკა არ არის ერთჯერადი აქტი და შეუძლებელია რაიმე სტატუს ქვო მუდმივად, უცვლელად ჩაითვალოს. ეს არის პროცესი, რომელსაც საქართველოს დეოკუპაციის მომენტამდე, საქართველოს ხელისუფლების მიერ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში იურისდიქციის სრულად აღდგენამდე მუდმივი ბრძოლა, შრომა, მუხლჩაუხრელი, გააზრებული, კარგად გათვლილი მოქმედება სჭირდება.
კიდევ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი და ეს სირიის დელეგაციის აფხაზეთში ჩასვლამაც დაადასტურა – შეუძლებელია, საქართველო გამოაკლდეს მსოფლიო პოლიტიკურ რუკას. რამდენადაც არ უნდა ვეცადოთ, რომ ვინმე არ გავაღიზიანოთ, რამდენადაც არ უნდა ვეცადოთ, რომ მოვწყდეთ მსოფლიო გეოპოლიტიკურ მდინარებას, საკუთარი პრობლემების გადაწყვეტაზე პროაქტიული მუშაობის ნაცვლად ამ პრობლემების მიჩქმალვაზე ვიფიქროთ, საქართველო მსოფლიოს პოლიტიკური სისტემის განუყოფელი ნაწილია.
მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ძვრები უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე. რუსეთი დღეს აქტიურად მუშაობს ჩვენს ქვეყანაში მისი მხარდამჭერი ძალების გააქტიურებაზე. თუნდაც ე.წ. ექსპერტთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც აღტაცებით ელოდა კატალონიის ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს და ღიად აფიქსირებდა სეპარატისტულ პოზიციას. ისინი არც დაფიქრებულან, რომ შესაძლოა ამან გავლენა მოახდინოს აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონის სტატუსის შემდგომ განსაზღვრაზე.
არადა, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემა პრეცედენტებზე დგას და საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ნაკლები პრეცედენტი შეიქმნას, რომლიდანაც რუსეთის ფედერაციას ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით პარალელის გავლება შეეძლება.
ქეთი ხოსიტაშვილი