”არ ვიცი, რობინ დანიგანს რა ამოძრავებს, ფაქტია, ურთიერთობების გადატვირთვას ხისტი შეფასებები ხელს არ უწყობს” – ლევან მახაშვილი

“არ ვიცი, რობინ დანიგანს რეალურად რა ამოძრავებს და რატომ აკეთებს ასეთ ხისტს შეფასებებს ამ კომუნიკაციასთან, ზოგადად, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის თქმით, წერილში არანაირი მუქარა არ ყოფილა.

„მინდა, ფრთხილი ვიყო ჩემს შეფასებებში, რადგან, მისგან განსხვავებით, ხელი არ შევუშალო საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვას. ეს არის გაუქმებული ტელევიზიის ინტერვიუ ყოფილ მაღალჩინოსანთან, ყოფილ ელჩთან, რომელიც ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა. ჩვენი მთავარი მიზანია ამ ურთიერთობების გადატვირთვა, ამიტომ ასეთი ხისტს შეფასებებს მოვერიდები. თავად განმარტოს, ასეთი ხისტი შეფასებები რატომ გააკეთა ამ ნაწილში. ყველას მოვუწოდებ, მათ თუ რეალურად აქვთ ურთიერთობების გადატვირთვის სურვილი, მოერიდონ მსგავს შეფასებებს. რამდენადაც ვიცი, პრემიერ-მინისტრის კომუნიკაცია იყო. მან თავადაც გააკეთა განცხადება. როგორც საჯარო განცხადებით, ასევე არასაჯაროდაც მას ამერიკულ მხარესთან კომუნიკაცია ჰქონდა. ოღონდ რა წერილზეა საუბარი, ამ წერილზე, თუ სხვა წერილზე, არ ვიცი.

არაფერი დასამალი არ არის. ერთადერთი, რასაც აქცენტს ვაკეთებ და მიკვირს, არის ის ხისტი შეფასებები, რაც ყოფილმა ელჩმა გააკეთა კომუნიკაციასთან დაკავშირებით. მე ასე ნამდვილად არ შევაფასებდი. საბოლოო ჯამში, დღეს შალვა პაპუაშვილმაც აღნიშნა, რეალურად თანამდებობიდან ვის მოუწია წასვლა და რა აღიქვეს ცუდად, შეუსაბამოდ ამერიკის ინტერესებთან დაკავშირებით, მგონი, ნათელია. დღეს ვინ არის ყოფილი პოზიციით წარმოდგენილი, მგონი, გასაგებია. მოვერიდოთ ხისტი შეფასების გაკეთებას. დღეს ამ ურთიერთობების გადატვირთვის ძალიან ფაქიზი პროცესია. თითოეულ მონაკვეთში უხეში, არასწორი და ცუდი ინტერპრეტაციით გაკეთებული განცხადებები ხელს უშლის ამ ურთიერთობების გადატვირთვას. ჭორაობა არ მინდა გამომივიდეს ზოგიერთებისგან განსხვავებით, არ ვიცი მას რა ამოძრავებს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები ურთიერთობების გადატვირთვას ხელს არ უწყობს კარგ და პოზიტიურ კონტექსტში“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, „რადიო თავისუფლებამ“ 6 ივლისს გაავრცელა აშშ-ის მოქმედ ელჩთან, რობინ დანიგანთან ჩაწერილი ინტერვიუს ნაწილი, სადაც დანიგანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ მას გაუგზავნა პირადი წერილი ტრამპის ადმინისტრაციისთვის, რომელიც იყო ”მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები