დაბა კაზრეთში ახლადდამონტაჟებული ლიფტის გახსნას ქართულ დელეგაციასთან ერთად ბელორუსიის ვიცე-პრემიერი დაესწრო
დაბა კაზრეთში ახალი ლიფტის საზეიმო გახსნას ბელორუსიის ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლში სახელწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, კომპანია RMG-ის გენერალური დირექტორი ჯონი შუბითიძე და კაზრეთის მაჟორიტარი დეპუტატი ესწრებოდნენ.
დაბა კაზრეთში ათწლეულების მანძილზე არსებული პრობლება გვარდება. მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
დაბა კაზრეთის კორპუსებში 30 ახალი ლიფტის შახტა დამონტაჟდება. ძველ, ამორტიზებულ ლიფტებს ახალი, ბელორუსში წარმოებული ლიფტები ჩაანაცვლებს.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამხანაგობა ,,ქართული ლიფტი“ ახორციელებს.
22 ლიფტის შახტის კეთილმოწყობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, საერთო ღირებულებით 1 220 000 ლარი.
ლიფტების კეთილმოწყობის პროექტში კერძო სექტორიც ერთვება. კომპანია ,,არემჯი“ 4 ერთეული ლიფტის მოწყობის სამუშაოებს სრულად დააფინანსებს, 4 ლიფტის შახტის მოწყობას კი PSP უზრუნველყოფს.
დაბა კაზრეთის კორპუსებში სულ 68 ლიფტის შახტაა, დარჩენილი 38-ის რეაბილიტაცია მომავალ წლებში განხორციელდება.
„ძალიან დიდი ხანია კაზრეთის მოსახლეობა ამ დღეს ელოდა, როცა უკვე რეალური შედეგი დადგებოდა ლიფტების განახლებასთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელიც მუნიცპალიტეტში მიმდინარეობს. ეს არის საქმე, რომელიც ათწლეულების მანძილზე არსებულ პრობლემას აგვარებს. ჩემთვის, როგორც მუნიციპალიტეტის მერისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ხალხი კმაყოფილია და სწორედ მოსახლეობის კმაყოფილება გახლავთ ჩვენი სწორად და გამართულად მუშაობის შეფასების ინდიკატორი“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.