თედო კობახიძე: ჩემი წინადადებაა ყოველ მედიკამენტს ქართულ ენაზე ჰქონდეს ანოტაცია

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, თედო კობახიძემ, საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რომელიც მედიკამენტებზე, ანოტაციის ქართულ ენაზე სავალდებულოდ მითითებას გულისხმობს.
ამის შესახებ თედო კობახიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენი მოთხოვნაა დარეგულირდეს იმ მედიკამენტებზე ანოტაციების დართვა, რომელიც წამალს სხვადასხვა ენაზე ერთვის. ჩემი წინადადებაა, რომ ყოველ მედიკამენტს მეორეულ შეფუთვაზე, ქართულ, ანუ ეროვნულ ენაზე ჰქონდეს ანოტაცია. როდესაც მომხმარებელი ყიდულობს მთლიან შეფუთვას, მას ეს ანოტაცია ეროვნულ ენაზე თავიდანვე უნდა ერთვოდეს. აუცილებელია ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა წაიკითხოს თუ რა პრეპარატს იღებს, რომ ლეტალური შედეგით არ დამთავრდეს, ან კონკრეტული წამლის მიღებით ჯანმრთელობა არ დაუზიანდეს. ადამიანს აქვს უფლება გაეცნოს მის ერონულ ენაზე რა პრეპარატს იღებს და რას ყიდულობს“,- განაცხადა თედო კობახიძემ.
კობახიძემ იმ საჯარიმო სანქციებზეც ისაუბრა, რომელიც აღნიშნული ვალდებულების დამრღვევ კომპანიას დაეკისრება. მისი თქმით, ჯარიმა პირველ ჯერზე 500 ლარით განისაზღვრება.
„როდესაც პარლამენტი აღნიშნულ წინადადებაზე მსჯელობას დაიწყებს, სანქციების საკითხი უკვე შემდეგ დამუშავდება. ეს ჯერ არის საკანონდებლო წინადადება და შემდეგ უკვე კონკრეტულ კომიტეტებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ სანქციების საკითხთან დაკავშირებით, სიღრმისეულად იმუშაონ“,- აღნიშნა კობახიძემ და დასძინა, რომ პარლამენტს საკანონდებლო ინიციატივა 9 ნოემბერს წარუდგინა.
კითხვაზე, თუ როგორია სანქციების ნაწილში ევროპული გამოცდილება, კობახიძე აცხადებს, რომ პორტუგალიის მაგალითზე ჯარიმა 2 ათასი ევროდან 180 ათას ევრომდე მერყეობს.
„ჩვენ შევისწავლეთ ევროპულ ქვეყნებში თუ როგორი პრაქტიკა აქვთ. ავსტრიიდან, უნგრეთიდან, გერმანიიდან, პორტუგალიიდან და ა.შ. მივიღეთ პასუხი, რომ ყველა ქვეყანაში სავალდებულოა, წამლის მეორეულ შეფუთვას ერთვოდეს ეროვნულ ენაზე ანოტაცია, რაც უზრუნველყოფს, რომ როგორც მომხმარებელმა, ისე სამედიცინო პერსონალმა, უფრო უკეთესად და მათთვის გასაგებ ენაზე იცოდეს, თუ როგორია ურთიერთქმედებაში კონკრეტული წამალი სხვა მედიკამენტებთან, უკუჩვენება როგორია, მიღების წესი და ა.შ. ვფიქრობ, რომ ეს იქნება კარგი ინიციატივა, ასევე აღსანიშნავია, რომ ევროდირექტივა ამ ყველაფერს ითვალისწინებს, რადგან ჩვენ ვართ ასოცირებაზე ხელმომწერი სახელმწიფო და რეალურად, ასოცირების ხელშეკრულება ჩვენ გვავალდებულებს ამ ყველაფერს. ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს დირექტივაც არის, რომ წამალს ერთვოდეს ეროვნულ ენაზე ანოტაცია. თუ ავიღებთ მაგალითად პორტუგალიის ვარიანტს, იქ საჯარიმო სანქცია 2000 ევროდან იწყება და 180 ათას ევრომდე მერყეობს“,- აცხადებს კობახიძე.
საკანონმდებლო წინადადების ავტორი არ გამორიცხავს, რომ საკანონმდებლო დონეზე წინააღმდეგობა იყოს, თუმცა, კობახიძე, იმედოვნებს, რომ პარლამენტში ჯანსაღი მსჯელობა გაიმართება და საბოლოო ჯამში, ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები