“მემარცხენე ალიანსის” კანონპროექტი კანონად თუ იქცევა, 25 მილიონი კი არა, 25 თეთრი არ დაიხარჯება “სითი პარკის” გაძევებაში”

„მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარემ, სოსო შატბერაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “სითი პარკის” გაუქმების მექანიზმზე ისაუბრა.
როგორც მან განაცხადა, პარლამენტში შესული “მემარცხენე ალიანსის” კანონპროექტი კანონად თუ იქცევა, 25 მილიონი კი არა, 25 თეთრი არ დაიხარჯება ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
“ჩვენ ვეთანხმებით კახა კალაძეს, რომ “სითი პარკთან” შესაწყვეტია ხელშეკრულება, ამიტომ ახალარჩეულ მერს და, ზოგადად, ხელისუფლებას, ვთავაზობთ წინადადებას, რომლის საშუალებით “სითი პარკის” გაძევება შესაძლებელია და ბიუჯეტსაც არ მიადგება სერიოზული ზიანი, 25 მილიონი კი არა, 25 თეთრი არ დაიხარჯება ამაში.
მინდა შევახსენო კანონმდებლებს, რომ დაახლოებით 1 წელიწადია პარლამენტში “მემარცხენე ალიანსის” კანონპროექტია შესული და თუ აღნიშნული პროექტი კანონად იქცევა, რომ მძღოლების დაჯარიმება და მანქანების საჯარიმო პოლიგონზე გადაყვანის უფლება მხოლოდდამხოლოდ პოლიციელს მიენიჭება, „სითი პარკი“ თავისთავად გაკოტრდება და წავა. ამ ყველაფერს მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება. თუ კახა კალაძეს გულწრფელად სურს ამ პრობლემის მოგვარება, მაშინ ვთხოვთ, ამ კანონპროექტის ლობირება მოახდინოს. ამ შემთხვევაში, ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირების შესრულება 2-3 კვირაში იქნება შესაძლებელი”,-განაცხადა „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარემ, სოსო შატბერაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან ახალარჩეულ მერს, კახა კალაძეს წარმატებები და, პირველ რიგში, დაპირებების შესრულება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები