მადლობა ჯეჯელავას და ვულოცავ ჩხენკელს – მარიამ ჯაში განათლების უწყებაში მიმდინარე ცვლილებებს აფასებს

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში განათლების უწყებაში მიმდინარე ცვლილებებს ეხმიანება.
„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ალექსანდრე ჯეჯელავას არაჩვეულებრივი თანამშრომლობისა და არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივისათვის, რომელიც ბოლო ერთი წლის მანძილზე დაინერგა განათლებისა და მეცნიერების სისტემაში. განსაკუთრებით აღვნიშნავდი ბატონი ალექსანდრეს ხელმძღვანელობით ისტორიულ ცვლილებებს სკოლის პედაგოგთა გადამზადების საკითხებში, მასწავლებლის პროფესიის დაფასებისა და პირველად 25 წლის მანძილზე ქვეყნის მასშტაბით 20 ახალი სკოლის მშენებლობის დაწყების საქმეში.
ალექსანდრე ჯეჯელავას თანადგომით, პარლამენტის კომიტეტსა და სამინისტროს შორის თანამშრომლობისა და მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელოვანი პრაქტიკა დავნერგეთ, რაც, იმედი მაქვს, ასევე წარმატებით გაგრძელდება განათლებისა და მეცნიერების უწყების ახალ ხელმძღვანელთან ერთად. წარმატებები მინდა ვუსურვო ალექსანდრეს მის შემდგომ საქმიანობაში და დავუდასტურო მზაობა შემდგომი თანამშრომლობისათვის“,- აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოზიციაზე მიხეილ ჩხენკელის წარდგინებასთან დაკავშირებით, გამოეხმაურა.
„მიხეილ ჩხენკელი არის ბრწყინვალე კანდიდატი, უდიდესი სამეცნიერო და პედაგოგიური გამოცდილებით როგორც საქართველოში, ასევე, საერთაშორისო დონეზე. ჩვენ გვჭირდება ქმედითი ნაბიჯები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით და დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი მიხეილის გამოცდილებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი წარმატებები გველის ამ სფეროებში. ახალი მინისტრის მოღვაწეობის პერიოდში მაქვს განსაკუთრებული მოლოდინი, რომ განათლების ყველა საფეხურზე გაუმჯობესდება ზუსტი მეცნიერებების (STEM საგნების) სწავლების ხარისხი. ასევე, ვფიქრობ, რომ მიხეილ ჩხენკელთან ერთად ჩვენ შევძლებთ საქართველოში სამეცნიერო კვლევების მიმართულებებით არსებული პრაქტიკისა და სტანდარტების ფუნდამენტურ ცვლილებებს. ვულოცავ ბატონ მიხეილს და წარმატებებს ვუსურვებ ამ უმნიშვნელოვანეს პოზიციაზე“,- აღნიშნა ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები