ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე სამთავრობო ცვლილებებს პოზიტიურად აფასებს

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტის ნინო ზამბახიძის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებები ხელს შეუწყობს ბიზნესის უფრო მოქნილად ფუნქცონირებას. საუბარში ზამბახიძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი სიახლე პოზიტიური შინაარსის მატარებელია.

„სამთავრობო ცვლილებებს ძალიან პოზიტიურად ვაფასებ. რამდენიმე მიმართულებაა, ჩემი აზრით,  დადებითი.  პირველ რიგში, ის რომ ბიოროკრატიული ხარჯები შემცირდება და სრულფასოვნად დაიწყებენ სამინისტროები მუშაობას. მსგავსი ცვლილება ხელს შეუწყობს ბიზნესის უფრო მოქნილად ფუნქციონირებას და კარგ კლიმატს შექმნის. მოკლედ, მსგავსი გადაადგილ-გადმოადგილება ბიზნესის მიმართულებით ძალიან კარგ შედეგს მოგვცემს“, – განაცხადა ზამბახიძემ.

სხვა სამთავრობო ცვლილებების თანახმად, შს მინისტრისა და ვიცე-პრემიერის პოსტზე წარდგენილია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ეკონომიკის სამინისტროს დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძე, განათლების მინისტრად კი მიხეილ ჩხენკელი დაინიშნება, შეიქმნა ასევე ახალი სტრუქტურული ერთეული – შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, რომელსაც შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები