რამაზ საყვარელიძე ეკონომიკის მინისტრის შს მინისტრად დანიშვნას საინტერესო ფაქტს უწოდებს

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე რამდენიმე უწყების გაერთიანებას და სტრუქტურულ ცვლილებას ლოგიკურ და სწორ ნაბიჯად აფასებს.
როგორც “პირველთან” საუბარში ექსპერტმა აღნიშნა, ქვეყანას უწყებების დუბლირების მხრივ ყოველთვის პრობლემა ჰქონდა.
რამაზ საყვარელიძის თქმით, როცა ქვეყანას საგარეო პოლიტიკური კურსი, ისედაც ევროპული აქვს, ევროინტეგრაციის სამინისტროს ცალკე არსებობა ლოგიკას მოკლებული და გაუმართელებლი ბიუროკრატიული ხარჯი იყო.
„როცა დუბლირებას აკეთებ, ხარჯებიც მეტია. მთავარი ისაა, რომ ამ სტრუქტურული ცვლილებებიდან ვინმესთვის პორტფელის ჩუქების მიზანი არ იკითხება. ხშირად სწორედ ეს იყო ხოლმე ახალი უწყების შექმნის მთავარი მიზანი. ამ შემთხვევაში პირიქით, ვიღაცეებს ჩამოერთვათ პორტფელი. უფრო მეტი ლოგიკა ჩანს ახალ ცვლილებებში და მეტი გააზრებული გადაწყვეტილება. ზედმეტი ელემენტები მოაშორეს. თუმცა თუ გაერთიანების შემდეგ აპარატების შემცირება არ მოხდა და ორი ერთიდაიგივე პროფილის უწყება დარჩა, აზრი არ ექნება გაერთიანებას. ერთია სწორი გადაწყვეტიელბის მიღება, მეორე, რამდენად სწორად გაგრძელდება და როგორ გააკეთებენ საქმეს“,- აღნიშნავს პოლიტოლოგი.
რამაზ საყვარელიძე საკადრო ცვლილებებსაც პოზიტიურად აფასებს და ეკონომიკის მინისტრის შს მინისტრად დანიშვნას საინტერესო ფაქტს უწოდებს.
„შესაძლოა ეს საკადრო ცვლილება იმით აიხსნას, რომ შს მინისტრის პოსტზე ამ სისტემაში გათქვეფილი და გაშინაურებული პირის დანიშვნა არ სურდათ. რადგან ასეთი კადრის დანიშვნას კარგი შედეგები არ მოსდევდა ხოლმე. ალბათ სწორედ ამიტომ შეარჩიეს გახარია,რომელიც სულ სხვა სფეროში საქმიანობდა. გიორგი გახარია რომ უდაოდ ნიჭიერი კაცია, ეს უკვე აჩვენა“, – აღნიშნავს პოლიტოლოგი.
საყვარელიძემ განათლების ახალი მინისტრის მიხეილ ჩხენკელის კანდიდატურაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ახალი მინისტრი რადიკალურად განსხვავდება წინა მინისტრისგან, რომელიც მისი თქმით, ყველაზე არასერიოზული მინისტრი იყო, რაც კი აქამდე განათლების სამინისტროს ჰყოლია.
„განათლების სფეროსთან წლების მანძილზე ბევრი რამ მაკავშირებს და მივესალმები მიხეილ ჩხენკელის მინისტრად დანიშვნა. ჩხენკელი საერთაშორისო დონის ძალიან მაღალი რანგის ფიგურა და საკმაოდ აკადემიური პიროვნებაა. ვფიქრობ, იმ ხარვეზებს, რომელიც წინა მინისტრის დროს დაგროვდა, მეტ-ნაკლებად მოერევა. სისტემა ძალიან დიდია. ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, თუმცა, ახალი კადრის გათვალისწინებით, მოლოდინები პოზიტიურია“, – აღნიშნავს ექსპერტი.
მისივე თქმით, ასევე სწორი გადაწყვეტილება იყო, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის პრემიერის დაქვემდებარებაში გადატანა.
„ხანძრების დროს გამოჩნდა, რომ ასეთი დონის კრიზისებს და საგანგებო მდგომარეობას მხოლოდ ერთი სამინისტრო ვერ მოერევა. მთელი მინისტრთა კაბინეტის მობილიზაცია უნდა მოხდეს. კარგია რომ ეს უწყება პრემიერ-მინისტრის პირდაპირ დაქვემდებარებაში გადავიდა და მთელს მთავრობასთან კოორდინაციის პირობებში იმუშავებს“, – აცხადებს „პირველთან“ საუბარში რამაზ საყვარელიძე.
დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა. პრემიერის ცნობით, ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. ეკონომიკის სამინისტროს ფინანსთა ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს, ქუმსიშვილს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე შეცვლის. სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროები კი, გაერთიანდა. გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდა.
გაუქმდა სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. ახალგაზრდობის საქმეთა მართვა განათლების სამინისტროს შეუერთდა, სპორტის მიმართულება – კულტურის სამინისტროს.
შსს-ში შეიქმნა, ასევე, ახალი სტრუქტურული ერთეული. შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, რომელსაც შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს. მინისტრის პოსტზე მღებრიშვილს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის. განათლების ახალ მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები