გიორგი ქადაგიძე: სამინისტროების რაოდენობის შემცირებისკენ სვლა მისასალმებელია

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, მთავრობაში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებს ეხმაურება.

„სამინისტროების რაოდენობის შემცირებისკენ სვლა არის ცალსახად მისასალმებელი გადაწყვეტილება“,- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა. პრემიერის ცნობით, ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. ეკონომიკის ახალ მინისტრად ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს, ქუმსიშვილს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე შეცვლის. სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროები კი გაერთიანდა. გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი  ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდა.

გაუქმდა სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. ახალგაზრდობის საქმეთა მართვა განათლების სამინისტროს შეუერთდა, სპორტის მიმართულება – კულტურის სამინისტროს.

შსს-ში შეიქმნა ასევე ახალი სტრუქტურული ერთეული. შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, რომელსაც შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს. მინისტრის პოსტზე მღებრიშვილს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის. განათლების ახალ მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები