IDFI-ს ხელმძღვანელი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაერთიანებას დადებითად აფასებს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებები იდეურად სწორია, მაგრამ შედეგი მიზნის ადეკვატური უნდა იყოს.
„პირველთან“ საუბარში კლდიაშვილმა აღნიშნა, რომ დადებითად აფასებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაერთიანებას.
„მე ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა ევროატლანტიკური საკითხების სახელმწიფო აპარატის შეერთება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რადგან საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნქციაა, რასაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი ასრულებს დღეს. არ ვიცი, რამდენად ეფექტური იქნება ისეთი სამინისტროს სხვა სამინისტროსთან გაერთიანება, როგორიც არის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტრო.
თავად იდეა, რომ ბიუროკრატიული ხარჯები შემცირდეს, რა თქმა უნდა, დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა კონკრეტულად ამ საკითხს მეორე მხარეც აქვს, რამდენად რეალური და ეფექტური იქნება ეს ყველაფერი. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ სამთავრობო ცვლილებების იდეა კარგია, მაგრამ მთავარი საკითხია, მართლა მოხდება ბიუროკრატიული ხარჯების დაზოგვა, თუ უბრალოდ ეს სამთავრობო გადანაწილებაა სამინისტროებს შორის? მთავარია, მიზანი გამართლდეს – შემცირდეს ბიუროკრატიული ხარჯი“, -აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა
სხვა სამთავრობო ცვლილებების თანახმად, შს მინისტრის და ვიცე-პრემიერის პოსტზე წარდგენილია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ეკონომიკის სამინისტროს დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძე, განათლების მინისტრად კი მიხეილ ჩხენკელი დაინიშნება, შეიქმნა ასევე ახალი სტრუქტურული ერთეული- შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, რომელსაც შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები