გიორგი აბაშიშვილმა ტაბახმელას მე-4 სანგარზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს ტაბახმელას მე-4 სანგარზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა.
პროექტი გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულმა ლეგიონმა, მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, განახორციელა და ტაბახმელას ტერიტორიაზე, სადაც 1921 წლის თებერვალში თბილისისათვის გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობდა, არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარა.
პროექტის მონაწილეების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სანგარი პირველი მსოფლიო ომის დროს, 1914 წელსაა გათხრილი, განსაკუთრებული მნიშვნელობა მან 1921 წელს, ბოლშევიკურ რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს შორის მიმდინარე ბრძოლებისას შეიძინა, რომელიც საქართველოს ისტორიაში კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლების სახელითაა ცნობილი.
116 მეტრის სიგრძის მე-4 სანგარი ზიგზაგისებური ფორმისაა და იგი კლდოვან ქანშია გათხრილი.
მასში არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილია 200-მდე არტეფაქტი: მასრები, სხვადასხვა ქვეყნის წარმოების გასროლილი და გაუსროლელი ვაზნები, საველე ტელეფონის ბატარეები, სამხედრო ლაბადების, იუნკერების უნიფორმებისა და სამხედრო ჩექმის ნაწილები, შაშხანის ჩამკეტი, სასიგნალო მაშხალის მასრა და სხვა.
“წელს პირველად მოხერხდა იმ უმნიშვნელოვანესი ადგილის არქეოლოგიური შესწავლა, სადაც ჩვენი იუნკერები საკუთარ სამშობლოს და საკუთარ დედაქალაქს იცავდნენ. ამით საქართველოში საფუძველი ჩაეყარა საბრძოლო არქეოლოგიის მიმართულებას. მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრძოლების შესახებ სიღრმისეული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება უკვე ახალგაზრდა თაობისთვის.
დღეს აქ არიან ახალგაზრდები, რომლებიც ათვალიერებენ მიდამოს და საბრძოლო პერიოდის არტეფაქტებს, გარკვეულ ფოტომასალას.
ეს პროექტი ასევე მნიშვნელოვანია პატრიოტული აღზრდისთვის. საქართველოს თითოეული მოქალაქე, ბუნებრივია, უნდა ეცნობოდეს ყოველთვის დეტალურად იმ მასალებს, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი სამშობლოს დაცვასთან”,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
ტაბახმელას მე-4 სანგარში აღმოჩენილი არტეფაქტები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა და ოკუპაციის მუზეუმში მუდმივმოქმედი გამოფენის სახით იფუნქციონირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები