კახა კალაძის თხოვნა შესრულდა – გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი სპეციალური ხსნარებით დამუშავდა(ფოტოკოლაჟი)

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში მორეცხვითი სამუშაოები დაიწყო.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, მიმდინარეობს მიწისქვეშა გადასასვლელის სპეციალური ხსნარით დამუშავება და ე.წ. კერხერის აპარატით მორეცხვა.
პარალელურად, დაიწყო და მიმდინარეობს განათების ქსელის მოწყობა გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის იმ ნაწილში, სადაც მორეცხვითი სამუშაოები ამ დროისთვის უკვე დასრულებულია.
განათების სისტემის მონტაჟი ორი დღის განმავლობაში დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ ზოოპარკისა და ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი დაათვალიერა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
კახა კალაძე მიწისქვეშა გადასასვლელში „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან ერთად იმყოფებოდა, რომელსაც დღეიდან, დასუფთავებისა და გადასასვლელების მოწესრიგების სამუშაოების დაწყება სთხოვა.
„მიწისქვეშა გადადასვლელებში არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. ძალიან მძიმე ვითარებაა. „თბილსერვისის“ ხელმძღვანელს მინდა ვთხოვო, რომ დღესვე დაიწყოთ სამუშაოების შესრულება – მორეცხვა, ელექტროგაყვანილობა და განათება, რადგან აღარაფერი არსებობს. ყველაფერი, რაც ადრე იყო, დაზიანებულია. შესაბამისად, ეს ყველაფერი მალე უნდა მოვიყვანოთ მწყობრში და მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ გადაადგილება კომფორტულად შეეძლოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები