მექა ხანგოშვილი: ქისტები ქართული საზოგადოების ორგანული ნაწილი იყვნენ და არიან
გორში ვაინახური კულტურის კვირეულის გაიხსნა. ღონისძიებებს, რომლებიც 6,8 და 10 ნოემბერს გაიმართება, გორის სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს.
შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, კვირეულის მიზანია სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, კულტურის თვითმყოფადობის შემადგენელი ელემენტების – ენის, ტრადიციების, შემოქმედების ნიმუშებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება, ქართულ-ვაინახური ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება.
შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს მრჩეველი მექა ხანგოშვილი კვირეულის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ქისტების კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის აუცილებელია:
„გახსნამ ძალიან კარგად ჩაიარა. არ ველოდი ყველაფერი ასე მაღალ დონეზე თუ ჩატარდებოდა. გორის სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებიცა და პანკისიდან ჩამოსული სტუმრებიც ამას აღნიშნავდნენ. ხაზი უნდა გავუსვა გორის სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტის წვლილს, რადგან იქ ყველა ამ ღონისძიების ორგანიზებით იყო დაკავებული.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია ქისტ ქალთა საბჭოს მიერ განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია. საზოგადოებას პანკისის ხეობასა და პანკისელებზე გადაღებულ ვიდეორგოლებს აჩვენებენ. ასევე, ქისტი პოეტების შემოქმედების გაზიარება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ჩეჩნეთის ბეჭდურ მედიაში ძალიან ხშირად იბეჭდება ქართველი პოეტების შემოქმედება ჩეჩნურ ენაზე თარგმნილი. სწორედ ამ ქართული პოეზიის თარგმანების პრეზენტაციაც შედგება. ასევე ვიხილავთ პანკისელი ბავშვების მიერ წარმოდგენილ სპექტაკლს „ღია შუშაბანდი“ – აცხადებს მექა ხანგოშვილი.
მექა ხანგოშვილი ღონისძიებებში ქისტი ხალხის ჩართულობის მნიშვნელობაზეც საუბრობს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებები. აფხაზეთის ომის შემდეგ დაგეგმილი პროვოკაციების შედეგად, სამწუხაროდ, ქისტ ხალხსა და ქართულ საზოგადოებას შორის გარკვეული გაუცხოება დაიწყო. ჩანაფიქრიც ეს იყო – საზოგადოების გახლეჩვა. ქისტები ქართული საზოგადოების ორგანული ნაწილი არიან და იყვნენ ყოველთვის, მაგრამ ამ არასასიამოვნო მოვლენების შედეგად პანკისის ხეობა, თავისი მაცხოვრებლებითურთ, უფრო უარყოფითი მხარით წარმოჩინდებოდა ხოლმე. ამას 90-იანი წლების პოლიტიკური და სოციალური ფონიც დაემატა. საკმაოდ მძიმე ეკონომიკური კრიზისის შედეგად ქისტ მოსახლეობასა და ქართულ საზოგადოებას შორის ინტეგრაციის პრობლემა დადგა. მართალია ნაკლებად, ვიდრე სხვა რეგიონებში, მაგრამ გაუცხოვება მაინც იყო. ამიტომ, მსგავსი ღონისძიებები სამოქალაქო ინტეგრაციის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, ქისტების რაოდენობა საქართველოში სულ უფრო და უფრო მცირდება. ბოლო აღწერის მიხედვით მათი რიცხვი 6 ათასამდეა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ხეობის განვითარებასა და მათი კულტურის, ადათ-წესების, იდენტობის შენარჩუნებას ხელი შეეწყოს. მათი წახალისება აუცილებელია. განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისა და ბავშვების. გუშინ ბავშვების ნაკეთობები იყო გამოფენილი და ეს მათთვის დიდი სტიმულის მიმცემია. თითოეულ მონაწილეს სიგელი და გორის უნივერსიტეტისაგან საჩუქრები გადაეცა. სტუმრები სახლებში ძალიან კმაყოფილები დაბრუდნენ“ – აღნიშნა მექა ხანგოშვილმა.