რევაზ ასათიანმა ექსტენციის სტრატეგიის პროექტის პრეზენტაცია გამართა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ რევაზ ასათიანმა სასტუმრო Holiday Inn-ში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ეროვნული სტრატეგიის პროექტი წარუდგინა.

სტრატეგიის პროექტის მთავარი მიზანი ფერმერთათვის ახალი ტექნოლოგიების გაცნობისა და ცოდნის გადაცემის გზით,  საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაა.

სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ეროვნული სტრატეგიის პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ევროკავშირის (EU), გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავა.

როგორც  რევაზ ასათიანმა აღნიშნა, ექსტენციის სტრატეგია 2018-2019 წლებში 2 ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე (2018 წელი) სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მექანიზმები პილოტ რეგიონებში დაინერგება, ხოლო მეორე ეტაპზე (2019 წელი) შემუშავებული და აპრობირებული მექანიზმების რეპლიკაცია სხვა რეგიონებშიც მოხდება.

„ექსტენციის სტრატეგიის განხორციელების ფარგლებში, არსებული  სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სისტემა ფერმერთა საჭიროებებზე ორიენტირებულ ექსტენციის სამსახურად გარდაიქმნება. პროცესი განხორციელდება თანმიმდევრულად“ ,- განაცხადა რევაზ ასათიანმა.

სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიის განხორციელების პილოტ რეგიონებად  შერჩეულია რაჭა-ლეჩხუმი და გურია.

სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესში სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიურ მხარდაჭერას უწევდნენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები (ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო – USAID, გაეროს განვითარების პროგრამა – UNDP, ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში  – ENPARD Georgia).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები