საყდრისის მიდამოებში პრეისტორიული გამონამუშევრების კვალი არ დადასტურდა

„საყდრისის კომიტეტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ საყდრისის მე-2 უბანზე თითქოსდა ძველი გამონამუშევარის კვალი შეინიშნებოდა, არ დადასტურდა.
კომპანია „არემჯი გოლდის“ სალიცენზიო ტერიტორიაზე სამუშაო ვიზიტით ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები არქეოლოგები ირინა ღამბაშიძე და ზურაბ მახარაძე, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსი სპეციალისტი (არქეოლოგი) – ზურაბ გიორგაძე და საყდრისის კომიტეტის წევრები იმყოფებოდნენ.
ეროვნული მუზეუმის, ასევე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლები „კვირასთან“ საუბარში აცხადებენ, რომ ერთსაათიანი დეტალური დათვალიერების შემდეგ, დასახელებულ ტერიტორიაზე ძველი გამონამუშევარის კვალი არ აღმოჩნდა. „ფოტოზე ასახული ვითარება ერთი შეხედვით ჰგავდა გამონამუშევარის კვალს, ჩვენ ადგილზე მივედით, დეტალურად დავათვალიერეთ ტერიტორია, თუმცა იქ ძველი გამონამუშევარის კვალი არ აღმოჩნდა“, -განაცხადა „კვირასთან“ საუბრისას არქეოლოგმა ირინა ღამბაშიძემ.
დასახელებულ ტერიტორიაზე ძველი გამონამუშევარის კვალის არსებობას არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსი სპეციალისტი (არქეოლოგი) – ზურაბ გიორგაძე ადასტურებს.
„ წარმოდგენილ ფოტოებზე ჩანდა ერთგვარი ღრმულები, თუმცა ექსპერტებმა დავათვალიერეთ ტერიტორია და ეჭვი , რომ საყდრისის მე-2 უბანზე ძველი გამონამუშევარის კვალი შეინიშნებოდა, არ დადასტურდა. მინდა აღვნიშნო, რომ კომპანია „არემჯი გოლდმა“ ყველანაირად შეგვიწყო ხელი, რომ დეტალურად დაგვეთვალიერებინა ტერიტორია“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას ზურაბ გიორგაძემ.
„აღნიშნულმა ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საყდრისის კომიტეტის ბრალდებები უსაფუძვლოა და მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, კომპანიის სალიცინზიო ტერიტორიაზე შესაძლოა პრეისტორიული მაღაროს არსებობის შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურეს როგორც ეროვნული მუზეუმის ასევე კულტურული მემკვიდერეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ექსპერტებმა, რომლებმაც დღეს დეტალურად დაათვალიერეს ტერიტორია. ჩვენ მოვუწოდებთ, საყდრისის კომიტეტს თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან როგორც მედიაში ასევე საზოგადოებაში.“ – განაცხადა კომპანია „არემჯის წარმომადგენელმა ამირან ქართველიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები