“ყოველთვის ვცდილობდით, ოპოზიციასთან გვეთანამშრომლა, მაგრამ სამწუხაროდ, უმეტეს დროს ეს არ ხერხდებოდა”

თბილისის საკრებულოში მეხუთე მოწვევის ბოლო სხდომა გაიმართა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მეხუთე მოწვევის საკრებულო იყო ძალიან კონსტრუქციული და ყოველთვის ცდილობდა ოპოზიციასთან ეთანამშრომლა, მაგრამ, მისივე თქმით, აღნიშნული უმეტესად არ ხდებოდა.
ალიბეგაშვილის განცხადებით, ის სერიოზულად ვერ აღიქვამს ოპოზიციის ბრალდებებს, რომ საკრებულო “დავით ნარმანიას სანოტარო ბიურო იყო”.
„მეხუთე მოწვევის საკრებულო იყო ძალიან კონსტრუქციული, ყოველთვის ცდილობდა ოპოზიციასთან ეთანამშრომლა, მაგრამ სამწუხაროდ, უმეტეს დროს ეს არ ხერხდებოდა. რაც შეეხება მერიასთან ჩვენს თანამშრომლობას, ყოველთვის კონსტრქციული ურთიერთობა გვქონდა და გვინდოდა მოგვეგვარებინა ის პრობლემები, რომელიც ქალაქის წინაშე იდგა. რამდენიმე მათგანს ჩამოვთვლი, რათა ოპოზიციის ნათქვამი მოსახლეობამ კარგად დაინახოს, რა გულითაა ნათქვამი: 12 ახალი ბაღი აშენდა თანამედროვე სტანდარტების, 13 კიდევ აშენდება და ვფიქრობ, ეს იქნება მომავალი საკრებულოს და მერიის პოლიტიკაც, რომ ჩვენი მომავალი თაობა რაც შეიძლება კომფორტულ გარემოში აღიზარდოს. ამავე დროს გამოვყოფდი რამდენიმე ხიდის რეაბილიტაციას, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ჩვენს მოსახლეობას, ასევე დავით აღმაშენებლის გამზირის ბოლოში 51 სახლის სრული რეაბილიტაცია მოხდა, აქედან 40 კულტურული მემკვიდრეობაა, გარდა ამისა იყო შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი გზა და ბევრი სხვა პროექტი. რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს, რომ საკრებულო “დავით ნარმანიას სანოტარო ბიურო იყო”, მე სერიოზულად ვერ აღვიქვამდი მათ ნათქვამს, მათ პოზიციას. როდესაც თავს აძლევ ასეთი განცხადების გაკეთების უფლებას, ჯერ უნდა ჩამოთვალო რა იყო ობიექტურად. როცა ობიექტური არ ხარ, შენს ნათქვამს ფასი ეკარგება”, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები