ლონდონში გალაკტიონის ინგლისურენოვანი კრებულის წარდგინება გაიმართება
გალაკტიონის დაბადების დღე წლეულს ლონდონში მისი ინგლისურენოვანი კრებულის „Discover Galaktion“-ის წარდგენით აღინიშნება. ლონდონის აზიის სახლი პოეტის 126 წლისთავზე შეკრებილ საზოგადოებას შესთავაზებს პროფესორ ინესა მერაბიშვილის მიერ თარგმნილ ლექსებს, რომელიც გამომცემლობა CCCPress (Critical, Cultural and Communication Press)-მა ახლახან დაბეჭდა.
როგორც „კვირას“ ლონდონიდან ჟურნალისტმა გიორგი ლალიაშვილმა აცნობა, ინგლისურ ენაზე გამოცემული გალაკტიონის ახალი წიგნი 2 ნოემბერიდან უკვე განთავსდა Amazon-ზე და ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერი დაინტერესებული მკითხველისთვის. „წიგნი 215 -გვერდიანია და გალაკტიონის 60 შედევრს შეიცავს. კრებულს თან ახლავს მთარგმნელის ვრცელი შესავალი და კომენტარები, ასევე პოეტის არქივში დაცული ფოტო და ხელნაწერი დოკუმენტების ასლები“.
გალაკტიონის წიგნის წარდგინება აზიის სახლში, 16 ნოემბერს, 18 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. ამ მოვლენასთან დაკავშირებით თბილისიდან ლონდონს ესტუმრება პროფესორი ინესა მერაბიშვილი, რომელიც თავად წარადგენს წიგნს და წაიკითხავს ლექციას გალაკტიონზე. საღამოს გახსნის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილი.
„საქართველოს საელჩოს პატრონატით გამართულ გალაკტიონის წიგნის პრეზენტაციას ლონდონში მრავალი ცნობილი ბრიტანელი დაესწრება, მათ შორის იქნებიან: ლორდი და ლედი ბაირონები, გრაფი და გრაფინია ლიტონები, მათი ვაჟი ფილიპ ლიტონი (ლიტონები ბაირონის პირდაპირი ჩამომავლები არიან), ლორდ მერევორსი, ბაირონის საერთაშორისო საზოგადოების თავმჯდომარე ალის დაშენჰაფტი, ევრო–ატლანტური პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ჯასტინ გლასი და სხვები.
ძალიან სასიამოვნო ფაქტია, რომ ლონდონში ექვსი წლის შემდეგ კვლავ აღნიშნავენ გალაკტიონის დაბადების დღეს. მახსოვს, როგორ ზეიმად გვიქცია მაშინდელი საღამო კენინგ ჰაუსში ქალბატონმა ინესა მერაბიშვილმა. ამჯერად კი, ლონდონის აზიის სახლი მიაგებს პატივს გენიალურ გალაკტიონს და იმედია, დღესასწაულიც არ დააყოვნებს“, – ამბობს ინესა მერაბიშვილი.
ინესა მერაბიშვილი უკვე 13 წელია თარგმნის გალაკტიონს ინგლისურად. ქართულმა და ბრიტანულმა გამომცემლობებმა 2005 და 2011 წელს დაბეჭდეს ეს თარგმანები, რომლებსაც დიდი მოწონება და ფართო გამოხმაურება ხვდა წილად.
აი, ასე შეაფასეს ინესა მერაბიშვილის თარგმანები გალაკტიონის 120 წლის იუბილეზე, რომელსაც ინესა მერაბიშვილის თაოსნობითა და მისი ბრიტანელი მეგობრების მხარდაჭერით იმხანად ლონდონის კენინგ ჰაუსმა უმასპინძლა.
„ეს არის მთარგმნელის ჭეშმარიტი გამარჯვება, მან წარმატებით ააჟღერა ორიგინალის ჰარმონია და რიტმი, ხოლო დედნისეული ტექსტის რთული მეტაფორები არაჩვეულებრივი ერთგულებითა და სიზუსტით აამეტყველა ინგლისურ ენაზე. ის, რომ თარგმანებში მკითხველი ვერ გრძნობს უცხო წყაროს არსებობას, ეს ინესა მერაბიშვილის, როგორც მთარგმნელის დიდი ნიჭიერებისა და ოსტატობის მაჩვენებელია“ (პროფესორი რიჩარდ ა. კარდველი, ნოტინგემის უნივერსიტეტი).
„გალაკტიონის სახით ვიპოვე უმაღლესი რანგის პოეტი, რომელიც გახლავთ სულის ნამდვილი არისტოკრატი და სიტყვიერი სასწაულების შემქმნელი, რომლის გარეშეც მსოფლიო პოეზია ბევრ აღმოჩენას აუვლიდა გვერდს. მადლობა მთარგმნელს, რომელმაც ასეთი ძვირფასი სამსახური გაუწია უკეთილშობილეს პოეტს. მისი სახეები და მეტაფორები ამიერიდან მსოფლიოს საკუთრება ხდება და მისით დაინტერესება სულ უფრო გაიზრდება. ეს არის კონგენიალური თარგმანი, სადაც დედნის ღირსებები სავსებით არის შენარჩუნებული“ (ლორდ დომენიკ მერევორსი).